სერხიო რამოსის კონტრაქტს „რეალთან” ერთ თვეში ძალა ეკარგება, მაგრამ კაპიტანი და კლუბი ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ ვერ შეთანხმებულან.
რამოსი მადრიდში 2005 წელს, „სევილიადან” გადავიდა და იქ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მცველად ჩამოყალიბდა.
„სანტიაგო ბერნაბეუდან” გამოსულ ხმათა თანახმად ამ ეტაპზე თავის პირობებს არც „რეალი” თმობს და არც რამოსი, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საბოლოოდ მხარეები მაინც შეთანხმდებიან.
სხვანაირად რთული წარმოსადგენია. „რეალში” გატარებულ 16 სეზონში რამოსმა ხომ 22 ტიტული მოიგო და ბევრი მათგანის მოპოვებაში გადამწყვეტი როლიც ითამაშა. ამ 22 ჯილდოს შორისაა სამი ჩემპიონთა ლიგა.
2021 წელს მადრიდელთა 35 წლის კაპიტანი ტრავმებმა არ დაინდო, რის გამოც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ევროპის ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რამოსის და „რეალის” ურთიერთობის გარკვევამდე ერთი თვე დარჩა, „ლა როხა” კი ევრო 2020-ს, რომელიც 2021 წელს ტარდება, 14 ივნისს, სწორედ სერხიო რამოსის მშობლიურ სევილიაში შვედეთთან თამაშით იწყებს.
19 ივლისს, იქვე, ესპანელები პოლონელებს მასპინძლობენ, ხოლო 23-ში, კვლავ სევილიაში, სლოვაკეთს ეთამაშებიან. სლოვაკეთთან შეხვედრაში ესპანეთი ფორმალურად სტუმარია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
