სულ რაღაც 35 წუთში გაჩნდა ეჭვი, რომ „ჩელსი” პრემიერლიგაში საჩივარს შეიტანდა, კორონავირუსის მიზეზით „მანჩესტერ სიტისთან” ჩემი თამაშიც რატომ არ გადადეთო. „ევერტონს” ხომ გადაუდეს… არადა, „ევერტონი” წუწუნებდა, ჯობდა გვეთამაშაო. ახლა, უკეთესი იქნება თუ გაჩუმდება და რაც მოხდა იმას შეირგებს.
მოკლედ, „ევერტონი” გადარჩა, რომ არ შეხვდა პეპ გვარდიოლას გუნდს მაშინ, როდესაც მას ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ავად ჰყავს და მაინც საოცარ ფორმაშია. აი, „ჩელსის” კი არ გაუმართლა. „ქალაქელები” ლონდონში ჩავიდნენ, „ლურჯებს” გადაურბინეს (3:1) და ინგლისურ გაზეთებს დააწერინეს, რომ მსოფლიო კრიზისი ერთობ პირობითი რამაა… ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც საქმე ფეხბურთის თამაშს ეხება.
ფრენკ ლემპარდს კი „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობაზე წყალი აქვს შემდგარი და განა მარტო იმიტომ, რომ გუნდმა ბოლო ექვსი შეხვედრიდან ოთხი წააგო და მერვე ადგილზეა, არამედ იმიტომაც, რომ „სიტიმ” ძალიან აჯობა. ეს ორი სხვადასხვა დონის გუნდის თამაში იყო.
35-ე წუთზე მანჩესტერელები უკვე 3:0-ს იგებდნენ და ეს სამი გოლი სულ რაღაც 16 წუთიან მონაკვეთში გაიტანეს.
„მანჩესტერ სიტის”, ყველა შეჯიბრებაში ერთად, აგერ უკვე 11 თამაშია არ წაუგია (პრემიერლიგაში თამაშნაკლული მე-5 ადგილზეა), მაგრამ აქამდე ასეთი მასტერკლასიც არ ჩაუტარებია. ეს იყო წარმოდგენა 2018-19 და 2019-20 წლების სეზონებიდან, როდესაც გვარდიოლას შეგირდები ჩემპიონები ხდებოდნენ.
არადა, პრემიერლიგის ოფისში მართლა მსჯელობდნენ, ჩაეტარებინათ მატჩი თუ გადაედოთ. საბოლოოდ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ და გამოვიდა შეხვედრა, რომელიც რომან აბრამოვიჩს ალბათ დააფიქრებს, რატომ გადაიხადა ზაფხულში 220 მილიონი გირვანქა.
ილქაი გუინდოგანის, ფილ ფოდენისა და საუცხოო კევინ დე ბრუინის გოლებს პეპბურთის ყველა პარამეტრი ახასიათებდა და მათ ქვემოთ, ვიდეომიმოხილვაში გთავაზობთ.
„ლურჯებმა” 90+2 წუთზე ჰადსონ კალუმ ოდოის ერთი გოლით უპასუხეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
