ბრემენში შედგა „დორტმუნდის” ახალი თავკაცის, მეოთხე ლიგაში ნათამაშევი ფეხბურთელისა და გამოუცდელი მწვრთნელის ედენ ტერზიჩის დებიუტი, რომლის შემდეგაც კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი მას გადაეხვია და მინი-კრიზისის დასრულება მოულოცა — ლუსიენ ფავრის სამსახურიდან გაშვების ორი დღის თავზე, „ყვითლებმა” სტუმრად 2:1 მოიგეს.
მართალია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს არ იყო მსოფლიო ფეხბურთის სკალაზე უმაღლესი დონის თამაში, მაგრამ ტერზიჩის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ტემპი მაღალი იყო. ანგარიში მე-12 წუთზე სტუმართა პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა რაფაელ გერერომ გახსნა. 28-ე წუთზე ბრემენელთა ცენტრალურმა ნახევარმცველმა კევინ მოჰვალდმა გაქვითა, თუმცა შესვენების შემდეგ, 78-ე წუთზე, ცნობილმა ვეტერანმა, 31 წლის მარკო როისმა, რომელსაც გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 44 შეხვედრა (13 გოლი) აქვს ჩატარებული, დორტმუნდელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.
ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ „ყვითლებმა” წინა სამი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგეს, ახლა კი ნავსი გატყდა.
„ეს იყო ძალიან საჭირო გამარჯვება და მიხარია, რომ მის მოსაპოვებლად პირველიდან ბოლო წუთამდე ყველამ ყველაფერი გაიღო. თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, რასაკვირველია, ეს ჯერ კიდევ არ იყო ის, რასაც ვისურვებდით, თუმცა ამ ეტაპზე, წარუმატებლობათა სერიაზე სწორი რეაქცია გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია”, — უთხრა ედინ ტერზიჩმა „სქაი სპორტს”.
ტელეკომპანიამ კომენტარი სთხოვა როისსაც. მან უპასუხა, რომ ერთსულოვნების შემთხვევაში მათ გუნდს ყველაფრის მიღწევა შეუძლია და შეაქო ტერზიჩი, რომელმაც უმოკლეს დროში გუნდი გამარჯვების რელსებზე დააყენა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/08/2026 | 07:44დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
მთავარი ამბავი31/08/2026 | 06:54პლატინიმ თქვა, კვარაო!
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს