ქართულ მას-მედიაში, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, სათაური უცხო ენაზე არ უნდა იწერებოდეს. მიზეზი მარტივია: ქართულ მას-მედიას წილად ხვდა პატივი გამოდიოდეს ისეთ უნიკალურ ენაზე, როგორიც ქართულია და უცხოური ასოები, მითუმეტეს სასათაურე ზომის, თან სტატიის, პოსტის თუ ბლოგის თავში, უბრალოდ რომ ვთქვათ, უხერხულია.
განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა. ლისაბონში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს და სულ ეს იყო, მაგრამ ესპანელმა, უფრო ზუსტად კი კატალონიელმა კოლეგებმა ერთი კარგი სათაურისკენ გვიბიძგეს: No Fati, no party! ეს გავრცელებული ინგლისური გამოთქმის ვარიაციაა და ქართულად ითარგმნება: თუ არ არის ფატი, წვეულებაც არ იქნება. გასაგებია, რომ ლაპარაკია, 17 წლის ანსუ ფატიზე, რომელიც „ბარსელონაში” თამაშობს და ბოლო დროს თვალს ახარებს.
ფატი, რასაკვირველია, ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის თუ არა მისი ამდენი ქება ადექვატური, ჯერ უნდა გამოჩნდეს. აქ, უბრალოდ, სათაურის ამბავი მოგახსენეთ და ის გითხარით, რომ დაბადებით გვინეა-ბისაუელ და აღზრდით სევილიელ ბარსელონელს ლისაბონში არ უთამაშია. ვერ გეტყვით რა მოხდებოდა ის რომ მოედანზე შეეშვათ, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე „ლა როხას” 42 მატჩის განმავლობაში მოედანი გატანილი გოლის გარეშე არ დაუტოვებია. ბოლო შეხვედრა, როდესაც ესპანეთმა გოლი ვერ გაიტანა ევრო 2016-ზე იტალიის წინააღმდეგ იყო — 0:2.
პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა ეძღვნებოდა მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ამ ორი ქვეყნის ერთობლივი განაცხადის შეტანის რატიფიკაციას. სხვა სიტყვებით, განწყობა საზეიმო იყო, მაგრამ თამაში მოსაწყენი გამოვიდა.
ტრიბუნაზე იჯდა 2500 მაყურებელი. ეს სტადიონებზე ქომაგთა თანდათანობით დაბრუნების პროგრამის ნაწილი იყო.
მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები კრიშტიანუ რონალდუსა და რენატო სანჩესის მიერ ესპანელთა კარის ძელისთვის ბურთის გარტყმა გახლდათ.
დანარჩენი მომენტების აღწერას თამაში დიდად არ იმსახურებდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
