„რეალი” ევროპულ სუპერკლუბებს შორის ერთადერთია, რომელმაც წლეულს სატრანსფერო ბაზარზე ცენტიც არ დახარჯა. როგორც ჩანს მიზანი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ფინანსური მოძლიერება იყო — მადრიდელებმა ყიდვით არავინ იყიდეს, გაყიდვით კი იცოცხლე.
აშრაფ ჰაკიმის, ოსკარ როდრიგესის, სერხიო რეგუილონის და ხამეს როდრიგესის გასხვისებამ „სანტიაგო ბერნაბეუზე” 100 მილიონ ევროზე მეტი მოიტანა, გარეთ ბეილის „ტოტენჰემში” იჯარით გაშვებამ კი მისი უზარმაზარი ხელფასის ხარჯი შეამცირა.
„მარკა” წერს, რომ „რეალს” სატრანსფერო აქტიურობის თუ პასიურობის დაგეგმვის დროს გონებაში ალბათ სხვა პროექტებიც უტრიალებდა, მაგალითად „სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია. არ არის აგრეთვე გამორიცხული, რომ კლუბმა ფეხბურთელებს კვლავ შეუმციროს ხელფასები.
მადრიდელები ინტერესით ელიან მომდევნო ზაფხულს, როდესაც „პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტის ვადა ეწურება კილიან მბაპეს. ახალგაზრდა ფრანგი, ხომ „თეთრების” დიდი ხნის სამიზნეა.
ამრიგად, მადრიდში, ახალი ფეხბურთელების შეძენად იჯარით გასხვისებულების – მარტინ ოდეგორის, ალვარო ოდრიოსოლას და ანდრიი ლუნინის დაბრუნება ჩაითვალა.
თუკი ბაზარზე მხარჯველთა შორის ბოლო ადგილზე „რეალია”, პირველი გახლავთ „ჩელსი”. დასავლეთლონდონელებმა 247 მილიონი ევრო დახარჯეს. მათ შეიძინეს: კაი ჰავერცი, ტიმო ვერნერი, ბენ ჩილველი და ჰაკიმ ზიეჰი.
157 მილიონი ევრო დახარჯა „მანჩესტერ სიტიმ”. „ქალაქელებმა” იყიდეს ორი ცენტრალური მცველი — ნათან აკე და რუბენ დიასი — და გარემარბი ფერან ტორესი.
ფინანსური პრობლემების მიუხედავად ევროპის ტოპ-სამ მყიდველს შორის მოხვდა „ბარსელონა”. „ბლაუგრანს” ნასყიდობათა შორის გამორჩეული იყო სერჯინიო დესტი (მას მერე, რაც კლუბმა ნელსონ სემედო „ვულვზში” გაუშვა) და მირალემ პიანიჩი, რომელიც „იუვენტუსს” არტურ მელოს ნაცვლად გამორთვა. ეს ორი გაცვლა მთლად ნატურალური არ ყოფილა.
ჯიბეშეთხელებულმა „ატლეტიკომაც” დახარჯა 90 მილიონი ევრო. იანიკ კარასკომ და ალვარო მორატამ იჯარული ხელშეკრულებები რეგულარულ კონტრაქტებად აქციეს, ხოლო ლუკას ტორეირა „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „არსენალიდან” ჩავიდა.
ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა „ბაიერნმა” 64 მილიონი ევრო დახარჯა. მან სხვებთან ერთად ლეროი სანე და მარკ როკა იყიდა.
ხარჯს ქვეყნებს, უფრო სწორედ ლიგებს თუ დავუთვლით, ვნახავთ, რომ ყველაზე მეტი პრემიერლიგამ გაიღო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
