აცრამდე შინ ისხედითო

Home კატეგორიის გარეშე აცრამდე შინ ისხედითო
აცრამდე შინ ისხედითო

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და მისი მთავრობა აცხადებენ: სანამ ვაქცინა არ იქნება, ტრიბუნაზე ფეხს ვერავინ შედგამს! გასაგებია, რომ ლაპარაკია კორონავირუსის აცრაზე. covid 19-მა დღეისათვის, მსოფლიოში 283 860, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 31 855 ადამიანი იმსხვერპლა.

ბრიტანეთის ხელისუფლება მინიმუმ სექტემბრამდე ამ საკითხს არც კი დაუბრუნდება, თითქოს არ არსებობდეს.

ეს ფრიად უსიამოვნო ცნობაა ქვეყნის ფეხბურთის კლუბებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, მომავალი სეზონის სულ მცირე ნახევარს უმაყურებლოდ იბურთავებენ.

მეტიც, ქვედა ლიგებში მთელი წყება კლუბებისთვის ეს ალბათ დახურვის ტოლფასი იქნება, ვინაიდან მათ სატელევიზიო და მსხვილი კომერციული შემოსავლები არ აქვთ.

განკარგულებას, რომელიც ასე მოკლედ გაგაცანით, ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 40 გვერდიანი დოკუმენტის სახით წარმოადგენს და პრემიერი მას თემთა პალატის სამსჯავროზე გაიტანს.

აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამედიცინო ოფიცრის კრის უიტის სიტყვები, რომ კორონავირუსის აცრა, სავარაუდოდ, 2020 წელს ვერ მოესწრება.

ბრიტანეთის მსგავსად ვაქცინის მოგონებამდე მაყურებელი სტადიონზე ჰოლანდიაშიც ვერ მივა, გერმანელებმა კი უფრო ბუნდოვნად თქვეს, მასობრივ თავშეყრებს შემოდგომამდე ვკრძალავთო. შემოდგომა, რასაკვირველია, ზუსტი თარიღი არ არის, მაგრამ თუ ბუნდესლიგის შემდეგი სეზონი დროულად დაიწყება, მისი პირველი ტურები აშკარად უმაყურებლოდ ჩაივლის.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.