„მანჩესტერ იუნაიტედი” დარწმუნებულია, რომ ინგლისელ სუპერბავშვად წოდებული ჯეიდონ სანჩო მათი იქნება.
დორტმუნდელთა ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მანკუნიანელებთან ყველა სატრანსფერო დეტალი შეუთანხმებია, ეგრეთწოდებული წვრილი შრიფტით მიწერილების ჩათვლით.
სანჩომ სამი წლის წინ „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდი დატოვა და გერმანიაში გადაბარგდა. გადაბარგების მიზეზი, რაგინდ უცნაურად გეჩვენოთ, ის იყო, რომ 17 წლის ბიჭუნას აზრით, პეპ გვარდიოლამ დიდ გუნდში თამაში აღარ აღირსა.
დღეს 20 წლის გარემარბის ალბიონზე დაბრუნება „ჩელსისაც” უნდა, მაგრამ თავად მოთამაშეს ოლე გუნარ სულშერის კამპანიაში სდომებია ყოფნა.
წერენ, რომ „ოლდ ტრეფორდზე” სანჩოს ხელფასი, პრემიები და უზარმაზარი გამოსასყიდი თანხა, უცბად არ მოუგონიათ, თითოეულ წვრლიმანზე თვეობით მუშაობდნენო. სხვა სიტყვებით, გამალებული მოლაპარაკებების საიდუმლოდ შენახვაც კარგად მოუხერხებიათ.
რაც შეეხება თანხას, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” „დორტმუნდს” სანჩოს სანაცვლოდ უნდა გადაუხადოს — ამბობენ, რომ ის ოცგზის ჩემპიონისთვის სარეკორდო იქნება. თურმე, გერმანელები 89 მილიონ გირვანქაზე მეტს ითხოვენ, 89 მილიონი კი ის თანხაა, რომელიც „იუნაიტედმა” 2016 წელს „იუვენტუსს” პოლ პოგბას დასაბრუნებლად გადაუხადა.
სანჩო ყოფილა ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომლის ყიდვაც სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარესა და სატრანსფერო კვაჭს ედ ვუდვორდს სთხოვა.
ვუდვორდი და სულშერი „ასტონ ვილადან” ჯეკ გრილიშის გადაბირებაზეც ფიქრობენ და კიდევ უფრო მეტზე ოცნებობენ — უნდათ „ტოტენჰემიდან” ჰარი კეინი გადაიტყუონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
მთავარი ამბავი30/08/2026 | 07:05ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
