„პარი სენ ჟერმენს“ კვლავ ორგოლიანი ჩამორჩენის გამოსწორება მოუხდა. ზედიზედ მეორედ. და ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ოღონდ რენისგან განსხვავებით ამჯერად მეორე. ეს ლილში, „პიერ მოროს“ სტადიონზე მოხდა.
21-ე წუთზე ლუის ენრიკეს გუნდს ჰაკონ ჰარალდსონმა გაუტანა გოლი. პარიზელებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ, რითაც მასპინძლებმა კიდევ ისარგებლეს და 84-ე წუთზე დილან ბაკვამ მეორე, ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო, მაგრამ 90+1 წუთზე ვიტინიამ ცხრიანში დარტყმით და 90+5 წუთზე მარკინიოსმა თავით გაქვითეს ანგარიში.
ორი ტურის შემდეგ „ლილი“, რომელსაც კარლო ანჩელოტის ვაჟი დავიდე ანჩელოტი უდგას სათავეში 4 ქულით პირველ ადგილზეა, პსჟ კი ორი ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

maxifoot-მა კვარაცხელიას თამაში 5 ქულით შეაფასა.
„მან თავისი გუნდი ვერ გარდაქმნა. თავიდან იმედისმომცემად დაიწყო, კომბინაციური მოქმედებების დროს ზუსტი იყო და მეტოქის კარს ერთი დარტყმით ხიფათიც შეუქმნა, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა. შემდეგ ქართველმა ეფექტურობა დაკარგა“, – დაწერა საიტმა.
footmercato-ს შეფასებით კვარაცხელია 4 ან 5 ქულას იმსახურებდა. პორტალი წერს: „ქართველი მოწადინებული და ენერგიით სავსე იყო. ის ცდილობდა გუნდის ჩამორჩენა გამოესწორებინა. რამდენიმე დარტყმა სახიფათო ჰქონდა. „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მეტოქე მცველებს პრობლემები შეუქმნა. მართალია ის დინამიზმს ბოლომდე ინარჩუნებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო უფერულდებოდა“.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ თქვა: „ვფიქრობ, მომხდარში პოზიტივის დანახვა უფრო მნიშვნელოვანია. ამ სეზონში რენსა და ლილში ერთი ქულით მეტი ავიღეთ ვიდრე გასულ სეზონში (გასულ სეზონში „რენმა“ პსჟ-ს მოუგო 3:1, ხოლო „ლილთან შეხვედრა 1:1 დამთავრდა). ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ჩემი ფეხბურთელებისთვის სულ იმის თქმას ვცდილობ, რომ წინ ბევრი სამუშაოა. მეორე მხრივ, გუნდის თამაშით კმაყოფილიც ვარ, თუმცა რასაკვირველია მეტს ველოდით“.
„ლილის“ კაპიტანი ბენჟამენ ანდრე კი მსაჯობით დარჩა უკმაყოფილო. მას მიაჩნია, რომ არბიტრმა თამაშის დროს 30-40 ზედმეტი წამი დაამატა, რითაც პსჟ-მ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
კვარაცხელიას სხვადასხვა საიტებმა ასეთი ქულები დაუწერეს:
flashscore – 6.7; whoscored – 6.4; sofascore – 6.4; fotmob – 6.3
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/08/2026 | 08:46მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
მთავარი ამბავი29/08/2026 | 07:50ზედიზედ მეორე 2:2
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
მთავარი ამბავი28/08/2026 | 07:27ორი შესაძლო ქართული დერბი
