კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს

კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს

„ფიორენტინას“ შინ, „არტემიო ფრანკიზე“ ზედიზედ  ცხრა თამაში არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ კლუბის დაარსებიდან 100 წლისთავზე ჩავიდნენ გიორგი კვერნაძე და მისი თანაგუნდელები და კოშმარი მოუწყვეს – 3:0. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვერნაძემ შექმნა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ცოტათი ააცილა მიზანს. შემდეგ, მასპინძლების ცნობილ მეკარეს, ესპანელ დავიდ დე ხეას უკვე პატრიციო მასინის დარტყმულის მოგერიება მოუხდა.

ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ქართველმა ჩინებული გარღვევა შეასრულა და ანტონიო რაიმონდოს მიაწოდა პასი. ამ უკანასკნელმა თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და ტექნიკური დარტყმით ბურთი „იების“ კარში შეაგდო.

საინტერესო სტატისტიკა: წინა ხუთ შემთხვევაში, როდესაც რაიმონდომ გოლი გაიტანა, „ფროზინონემ“ ორი ან მეტი გოლის სხვაობით გაიმარჯვა. ასე მოხდა ამჯერადაც, თუმცა მანამდე „ფიორენტინამ“ ორჯერ მოარტყა ბურთი ძელს.

38-ე წუთზე გაბრიელე ბარკალიამ მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა, 68-ე წუთზე კი რაიმონდომ კიდევ ერთი შეაგდო.

„ფროზინონეს“ მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი, რომელიც სამი წლის წინ „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილის თავკაციც იყო: „ბედნიერი ვარ, რადგან აქ მოგება იოლი არ იყო და ანგარიშიც იმაზე დიდი გამოვიდა, ვიდრე ვიმსახურებდით. „ფიორენტინა“ მაგრად იბრძოდა. ჩვენ შევეცადეთ საუკეთესო ფეხბურთი გვეთამაშა. „ფროზინონეს“ თავისი სახე აქვს, რომელიც წინა ტურში „იუვენტისთან“ შეხვედრაშიც ვაჩვენეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც კონკრეტულ მატჩზეა დამოკიდებული. ყველა გამარჯვების უკან კი დიდი სურვილი დგას. წარმატების საიდუმლო სხვა არაფერია თუ არა ყოველდღიური შრომა და ფეხბურთელების მზადყოფნა“.

გიორგი კვერნაძის შეფასებები:

flashscore – 8.0; sofascore – 7.6; whoscored – 8.4; fotmob – 8.4

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.