ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია

ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია

„ლივერპულის“ გულშემატკივართა საყვარელმა მეკარემ ალისონმა „ნოტინგემ ფორესტთან“ 2:2 -ის შემდეგ მეთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია. მანამდე ბრაზილიელი პროტესტის გამო ყვითელი ბარათით იყო დასჯილი – ის მეტოქის სასარგებლოდ პენალტის დანიშვნამ აღაშფოთა.

ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ დაარტყა ალისონმა მეოთხე მსაჯის ტაბლოს და როგორ ჩატეხა ის, „მირორმა“ კი დაზიანებული ელექტრო-დაფის ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ეს უჩვეულო ინციდენტი მერსისაიდელთა მწვრთნელის ანდონი ირაოლას გაბრაზებასთან არის კავშირში. მას მეოთხე მსაჯისადმი ჰქონდა პრეტენზია – ტიმ რობინსონს პროფესიონალიზმი აკლდა, ფეხბურთელების შეცვლას ძალიან დიდი დრო მოანდომაო. „ლივერპულმა“ პენალტის გაშვების შემდეგ ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ სურდა ფეხბურთელები უფრო ადრე შეეცვალა. გასაგებად რომ ვთქვათ, ირაოლას მიაჩნია, რომ ცვლილებების მყისიერად განხორციელების შემთხვევაში მისი გუნდის კარში პენალტი საერთოდ არ დაინიშნებოდა.

ერთი სიტყვით, მსაჯი რობინსონი დაბრკოლდა, „ფორესტმა“ აუტი ჩააწოდა, ალისონი კარიდან გამოვარდა და საჯარიმოში ნიკო უილიამსი წააქცია. მორგან გიბს-ვაითმა პენალტი გაიტანა. ასე გავიდა სტუმართა გუნდი წინ ამ შეხვედრაში მეორედ – 2:1.

ირაოლა მატჩის შემდეგ TNT Sports-ის კამერებთანაც ბრაზობდა: „პენალტის ეპიზოდს გავაანალიზებ, მაგრამ პროფესიონალი მსაჯი ფეხბურთელების შეცვლაზე სამ წუთს არ უნდა კარგავდეს. ჩვენ ცვლილებები ორი-სამი წუთით ადრე გვჭირდებოდა. სანამ „ფორესტი“ აუტს ჩააწოდებდა მე დავიძახე: „მოდი, ახლა შეუშვი ეს ხალხი“. არ ვიცი, რატომ უნდა სჭირდებოდეს მსაჯს ორი ტაბლოს მომზადებისთვის საუკუნეები“.

საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.