დააბით ეს ბიჭები!

Home დავთარი დააბით ეს ბიჭები!
დააბით ეს ბიჭები!

წლევანდელ საფეხბურთო სეზონს გმირები არ აკლია, მაგრამ „დორტმუნდის“ ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგური დებიუტით ევროპა შეაზანზარა.

19 წლის ჰოლანდმა სულ სამ მატჩში ითამაშა და ჯამში 7 გოლი გაიტანა. ამ სამიდან ორ შეხვედრაში სულაც შეცვლაზე შევიდა და როცა სტატისტიკა დაუთვალეს, აღმოჩნდა: ერლინგს თითო გოლის გასატანად 20 წუთზე ნაკლენი ჰყოფნის. გაინტერესებთ, 7 გოლის გასატანად კარის ჩარჩოში რამდენჯერ დაარტყა ჰოლანდმა? ზუსტად 7-ჯერ!

ერლინდ ჰოლანდი დორტმუნდელთა ერთადერთი გმირი არ არის. იმავე ბერლინის „უნიონს“ პირველი გოლი ჯეიდინ სანჩომ გაუტანა და რეკორდსმენიც შეიქნა: აქამდე 20 წელს მიუღწეველ ფეხბურთელს ბუნდესლიგაში 25 გოლი არ გაუტანია. წლეულს სანჩომ 17 შეხვედრაში 12 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„დორტმუნდი“ ბუნდესლიგაში მეოთხეა, მაგრამ ლიდერ „ბაიერნს“ 3 ქულით ჩამორჩება. როცა შეტევაში ასეთი ბიჭები ბურთაობენ, დორტმუნდში ყველაზე მაღალ მიზნებზე ოცნების უფლებაც აქვთ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".