„ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან მოხსნეს. ახლა ამბობენ, რომ ცნობილი იტალიელი მწვრთნელი „არსენალში” ან „ევერტონში” წავა. ეს ორი ინგლისური კლუბი თავკაცის გარეშეა — ცოტა ხნის წინ ლონდონელებმა უნაი ემერი გაუშვეს, ხოლო ლივერპულელებმა მარკო სილვა.
„ნაპოლიმ” წუხელ, ჩემპიონთა ლიგაში, ბელგიურ „გენკს” 4:0 მოუგო. ეს გახლდათ ნეაპოლელთა პირველი გამარჯვება ბოლო ათი დღის განმავლობაში და მან 60 წლის ანჩელოტის ვერ უშველა.
ამბობენ, რომ განსაკუთრებით მონდომებულია „ევერტონი”, რომელსაც ერთი პორტუგალიელის, მარკო სილვას გაშვების შემდეგ, სამსახურში მისი თანამემამულის, ვიტორ პერეირას აყვანა უნდოდა, მაგრამ პერეირა ჩინეთში მუშაობს, ქერის ორმოშია ჩავარდნილი და როგორც ჩანს „ირისების” ხათრით იქიდან წამომსვლელი არ არის.
„გენკთან” მოგების შემდეგ, ანჩელოტიმ თავისი ბიჭები შეაქო: „მერვედფინალში დამსახურებულად გავედით. გუნდს აქვს კლასი. ჩემპიონთა ლიგაში რთულ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ კარგად ვთამაშობდით. სამწუხაროა, რომ სერია A-ში ასეთი ხარისხის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. საერთაშორისო სარბიელზე გაბედულება და ძლიერი მენტალიტეტი არ გვაკლდა, შინ კი რატომღაც სხვა გუნდი ვიყავით. ასეა თუ ისე, ფაქიტა, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგაში ძლიერად თამაშობ, ესე იგი მთელ ევროპაში ტოლს არავის დაუდებს”.
იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თქვა, რომ დიდი შანსია ანჩელოტიმ „არსენალში” დაიწყოს მუშაობა:
„ჩრდილოლონდონური კლუბის შეფები მას ყოველთვის სრულყოფილ მწვრთნელად მიიჩნევდნენ და მომავალში მასთან თანამშრომლობაზე ფიქრობდნენ. ჯერჯერობით, „არსენალსა” და კარლო ანჩელოტის შორის ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა, მაგრამ მას მერე, რაც ანჩელოტი „ნაპოლიდან” გაუშვეს ის „მეთოფეთა” გრძელ სიაში განსაკუთრებულ ადილზე გადავიდა”.
„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე „ლივერპული” გავიდა, რომელმაც ზალცბურგში 2:0 მოიგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!
მთავარი ამბავი22/08/2026 | 08:03ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
