გიომ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა

Home კატეგორიის გარეშე გიომ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა
გიომ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა
მარჯვნივ გიორგი ცხოვრებაძე

18 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. „მონპელიეს” მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს ნაკრების ყმაწვილი მარჯვენა ინსაიდი დიდ ასპარეზზე გასვლისთვის მზად არის. შეხვედრა, რომელშიც გიომ მონაწილეობა მიიღო დასრულდა 29:27 — „მონპელიემ” სტუმრად დაამარცხა პოლონური „კელცე”. ეს გახლდათ ფრანგული კლუბის ზედიზემ მესამე გამარჯვება ევროპის უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში.

„კელცესთან” ცხოვრებაძე თამაშში 24-ე წუთზე ჩაერთო და ტაიმის ბოლომდე, მთელი 6 წუთი დიდ სახელბურთო ორომტრიალში დაჰყო.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე სამი დღით ადრე საფრანგეთის ჩემპიონატში ანუ „ლიდლ სტარლიგაში” გიორგიმ თავისი პირველი გოლიც გაიტანა. ეს მოხდა სტუმრად „სენ-რაფაელთან”. შეხვედრა დასრულდა 29:29.

დღეისათვის „მონპელიე” საფრანგეთის პირველობაზე მეოთხე ადგილზეა.

ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: ალბათ, საფრანგეთში მრავალი 18 წლის ხელბურთელია, მაგრამ სამფეროვანთა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ქართველ ყმაწვილს ენდობა, ავარჯიშებს და თანდათანობით აჩვევს დიდ შეჯიბრებებში მონაწილეობას. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. „მონპელიეს” მწვრთნელებმა გიოს აშკარად შეამჩნიეს ისეთი თვისება (ან თვისებები), რაც მათ არჩევანს ჩვენებურის სასარგებლოდ აკეთებინებს.

ჩემპიონთა ლიგაში „მონპელიეს” მომდევნო მატჩი 19 ოქტომბერს, B ჯგუფის ლიდერ „კილთან” უწევს. შეხვედრა მონპელიეში გაიმართება. „კილს” 4 თამაშიდან 7 ქულა აქვს, ფრანგულ გუნდს და „ვარდარს” – 6.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.