გარი ლინეკერმა გასულ შაბათს, გადაცემაში Match Of The Day (დღის მატჩი) ჩვეულებისამებრ იხუმრა და მორიგ სკანდალში ამოჰყო თავი. ხალხმა „ბი-ბი-სის” საჩივრები მოაყარა. აქვე მოგახსენებთ თუ შეგახსენებთ, რომ წარსულში შესანიშნავი ინგლისელი თავდამსხმელი ლინეკერი „ბი-ბი-სის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანია. მისი გასამრჯელო წელიწადში 1,75 მილიონ გირვანქას უდრის.
ახლა, თავად ხუმრობის შესახებ. პირდაპირ ციტატა მოვიტანოთ: „წლეულს პრემიერლიგის ძლიერი სტარტი გვაქვს. შეიძლება თმა ყალყზე დაგიდგეს… თუ ალან შირერი ან დენი მერფი არ ხარ”.
გასული დროების სახელოვანი ფეხბურთელები შირერი და მერფი ლინეკერის თანაწამყვანები იყვნენ. ისინი მელოტები არიან და კოლეგის ნათქვამზე გაეცინათ, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და გაერთიანებული სამეფოს ბევრმა მოქალაქემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. უფრო სწორედ, მათ მიიჩნიეს, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას მრავალსახეობის უფლება შეულახეს. ჩვენებურად — ეწყინათ.
ინგლისურ პრესაში წერია, „ბი-ბი-სის” იმდენი საჩივარი მიაყარეს, წესით მაუწყებელმა გამოძიება უნდა წამოიწყოსო. თავად ტელეკომპანია კომენტარისგან თავს იკავებს. ერთადერთი, რაც დაწერა ის იყო, რომ „ბი-ბი-სი” ყველასია, ბრიტანეთში კი ნაირგვარი ხალხი ცხოვრობს. სხვა სიტყვებით, „ბი-ბი-სი” მელოტებისთვისაც მაუწყებლობს; მათ უფლებებს არ არღვევსო.
შაბათ საღამოს გადაცემას Match Of The Day პირდაპირ ეთერში 100 000 ადამიანი უყურებდა.
Alopecia UK-მ ანუ ბრიტანელ მელოტთა ორგანიზაციამ კი მკაცრი განცხადება გააკეთა, სადაც ლინეკერის მიერ ადამიანთა ერთი ჯგუფის უფლების შელახვას სამარცხვინო ფაქტი უწოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
