კლასი და ოსტატობა 17 წლამდე ბავშვებშიც ისევე არსებულა, როგორც დიდებში — თბილისის სპორტის სასახლეში 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიამ მოიგო. შვეიცარიელებმა პირველივე თამაშიდან ხარისხიანი ხელბურთით მიიპყრეს ყურადღება და ექვსივე შეხვედრა მოიგეს. ფინალში მათ სერბებს აჯობეს 35:27.
თუმცა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოსა და საბერძნეთის ფლეი-ოფის შეხვედრაზე გვინდა გიამბოთ. ეს იყო თამაში, რომელსაც უნდა გაერკვია, ქართველი გოგონები ბოლო დღეს 5-6 ადგილებისთვის იბრძოლებდნენ თუ 7-8 ადგილებისთვის. და რაც მთავარია, ეს იყო დრამატული შეხვედრა, როგორებშიც ახალგაზრდები ნამდვილ მებრძოლებად ყალიბდებიან. მაყურებელს ხომ უყვარს და უყვარს ასეთი მატჩები.
ქართველი და ბერძენი გოგონების შეხვედრაში ანგარიში ბევრჯერ გათანაბრდა — გუნდები ერთმანეთს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ. ბოლო 7 წუთი კი თითქოს ერთი სწრაფი ეპიზოდი იყო — ტაბლოზე 20:20 ეწერა და ანგარიში არც კი შეცვლილა. მეტოქეები დაცვაში თავგამოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს.
და სულ ბოლო წამს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) საქართველოს ნაკრების ხაზის მოთამაშეს მარიამ დვალიშვილს იმდენად არ გაუმართლა, რომ მის მიერ ნახტომში ნასროლი ბურთი, რომელსაც თითქოს კარის მეტი სხვა გზა აღარ დარჩენოდა, ძელს მოხვდა. მოხვდა და გაისმა კიდეც საფინალო სირენა.
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშის თავდადება, თუმცა ამ დღეს დიდწილად გამთამაშებლად მოთამაშე ლიზა ჩხაიძესა (20-დან 13 გოლი გაიტანა) და მეკარე ხატია ჯიქურაშვილს საგანგებოდ თუ გამოვყოფთ, ვფიქრობთ არ შევცოდავთ.
პენალტები ისეთივე დრამატული გამოდგა, როგორც თავად შეხვედრა და საქართველომ გაიმარჯვა.
მეორე დღეს კი, 5-6 ადგილებისთვის შეხვედრაში ქართველი გოგონები ოდნავ გადაღლილები გვეჩვენენ. შესაძლოა, ბერძნებთან შეხვედრას ფიზიკური ძალის გარდა ემოციური მუხტიც გვარიანად შეალიეს და მეორე დღისთვის აღდგენა ვეღარ მოასწრეს. რას იზამ, ესეც გაკვეთილია. ასე იყო თუ ისე, ბოლო დღეს, ფარერის კუნძულებმა საქართველოს ნაკრებს 30:16 მოუგო და მე-5 ადგილზე გავიდა. საქართველო მეექვსეზე დარჩა.
ახლა დავუბრუნდეთ სხვა გუნდებს. მესამე ადგილზე გავიდა უკრაინა, რომელმაც ლიეტუვას 30:22 მოუგო.
მეშვიდე ადგილი მოიპოვა საბერძნეთმა, რომელმაც ფინეთს აჯობა 35:17.
მეცხრე-მეათე აგდილებისთვის კი ბულგარეთმა ლატვიას 33:24 აჯობა.
დასახელდა შეჯიბრების „ოლ სტარი”, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე მოხვდა.
ჩემპიონატის MVP-დ სერბი ალექსანდრა კრსტიჩი დაასახელეს. 55 გოლით, საუკეთესო ბომბარდირი ბულგარელი მარი ტომოვა გახდა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
