ჩემპიონთა ლიგის მომგები „ლივერპული,“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გასულ კვირას მათ პირველად ივარჯიშეს „მელვუდის“ საწვრთნელ ბაზაზე. იურგენ კლოპის განკარგულებაში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ, 17 წლის ჰოლანდიელი ახალწვეულის, სეპ ვან დენ ბერგის ჩათვლით, რომელიც მერსისაიდელებს „ზვოლედან“ შეუერთდა ორიოდ კვირის წინ.
გამოცდილთაგან ივარჯიშა ჯეიმს მილნერმა. აქტიურები იყვნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ადამ ლალანა, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობენ.
რობერტო ფირმინომ და მეკარე ალისონმა, წუხელ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გაიმარჯვეს და შვებულებაში ახლაღა გავლენ, ისევე როგორც მოჰამედ სალაჰი, რომლის ეგვიპტის ნაკრები ნაადრევად გამოეთიშა აფრიკის ერთა თასის გათამაშებას.
სამაგიეროდ, სადიო მანე აგრძელებს ხსენებულ ტურნირში მონაწილეობას. მისი სენეგალის ნაკრები 10 ივლისს მეოთხედფინალში ბენინის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

ნაბი კეიტა კი გვინეის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა აფრიკის ერთა თასზე, თუმცა კუნთი დაეჭიმა და გათამაშებას გამოეთიშა. ვარაუდობენ, რომ ის სეზონის დაწყებამდე მომჯობინებას მოასწრებს.
მერსისაიდელთა მთავარი საფიქრალი ახლა მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის შენარჩუნებაა. ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა ცხადია, ახალ კონტრაქტს შესთავაზებს მას. Sun-ის ცნობით, ხელშეკრულება ექვსწლიანი იქნება და ამ ხნის განმავლობაში გერმანელი სპეციალისტი გასამრჯელოდ 60 მილიონ გირვანქას მიიღებს ანუ, წელიწადში 10 მილიონს. ახლა მისი ჯამაგირი წელიწადში 7 მილიონია.
კიდევ ერთი სიახლე „ლივრპულში“ ის არის, რომ მერსისაიდელებმა „ფულემის“ 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი ჰარვი ელიოტი შეიძინეს, რომლის გადაბირება მადრიდის „რეალს,“ „პარი სენ-ჟერენსა“ და „ლაიპციგს“ სურდათ.
გასულ მაისში ელიოტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლოგაში უთამაშია. მინდორზე გასვლის დროს ის 16 წლის და 30 დღის იყო.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
