ეს ზაფხული საფეხბურთო თვალსაზრისით, შესაძლოა, ისეთივე ცხელი ვერ გამოდგა, როგორც შარშანდელი, როდესაც მილიონობით ქომაგის თვალი, ყურადღება და ინტერესი რუსეთში გამართული მონდიალისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ მთლად უფეხბურთობასაც არ ვუჩიოდით. სამხრეთ ამერიკული გუნდების ქომაგებს მოსაწყენად არ ეცალათ. ბრაზილიაში დასრულებულ კოპა ამერიკას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს.
ნეიმარის გარეშე „პენტაკამპეონებმა“ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანეს და დამსახურებულადაც იჩემპიონეს. ფინალში, მასპინძლებმა პერუს 3:1 აჯობეს.
ბრაზილიელთაგან მესამე გოლი რიშალრისონმა გაიტანა. განა ამაში უცნაური რა უნდა იყოს? ის ხომ ამპლუით ფორვარდია, თანაც გოლისას მას განსაკუთრებული საშემსრულებლო ოსტატობის გამოვლენა არ დასჭირვებია, რადგან ეს პენალტის ნიშნულიდან გააკეთა. იმას არ ვამბობთ, თითქოს 11 მეტრიანის გოლად გადასახვა უმარტივესი საქმეაო, მაგრამ შედარებით იოლი რომ არის, ვიდრე ამის თამაშიდან მოკვარახჭინება, საკამათოც არ არის.
ბრაზილიის დონის ნაკრებში შემთხვევით ვერავინ მოხვდება. საქმე ისაა, რომ რიშალრისონმა გოლის და ჩემპიონობის დიდი ბებიისადმი მიძღვნა გადაწყვიტა. ამაშიც დასაძრახი რა უნდა იყოს, მაგრამ…
„ჯერ კიდევ არგენტინის ნაკრებთან მატჩამდე ვთქვი, რომ თუ ფინალში გავიდოდით და იქ გოლს გავიტანდი მას დიდ ბებიას მივუძღვნიდი, რომელიც უკვე 80 წლის არის. მადლობა ღმერთს რომ ეს ნატვრა ამისრულდა,“ – თქვა უკვე ჩემპიონის რანგში რიშალრისონმა.
„ბებიის სახელი“? – ჰკითხა ჟურნალისტმა, რაზეც ბრაზილიელი ფეხბურთელი შეყოვნდა, დაიბნა და ამ უწყინარ კითხვაზე პასუხი მისთვის რთულ მისიად იქცა.
„ბოდიში, აღარ მახსოვს,“ – უპასუხა რიშალრისონმა.
მჭადის სახელი დაავიწყდაო, ისეა რიშალრისონი საქმე.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
