შეგვიძლია მილიონჯერ გადავახვიოთ და ვნახოთ, როგორ გავიდა „ბარსელონას“ კარში საუკუნის ყველაზე გულუბრყვილო გოლი. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა წამიერადშეცვალა გადაწყვეტილება, დივოკუ ორიჯის უპასა და… „ლივერპული“ ფინალშია.
როგორც აღმოჩნდა, ამ სასწაულს ერთი ფარული თანაავტორიც ჰყავდა, რომელზეც ყურადღება პირველმა ჟოზე მოურინიომ გაამახვილა.
„მე ვმუშაობდი კლუბებში, სადაც კარგად არ ესმოდათ „ბოლბოის,“ ანუ ბურთის მიმწოდებელი ბიჭის მნიშვნელობა. თუ გუნდი ჩქარობს, მოედნიდან გასული ბურთი წამში შენთან გაჩნდება და პირიქით. ეს ყველაფერი ბურთის მომწოდებელ ბიჭებთან სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული,“ – თქვა სეუ ჟოზემ. თურმე, ბიჭობისას თავად ყოფილა ბურთის მიმწოდებელი და ამ საქმეში საუკეთესოდაც ითვლებოდა.
მოურინიოს სიტყვების შემდეგ უცნობი გმირის ვინაობით სრულიად ინგლისი დაინტერესდა და იპოვეს კიდეც. ბიჭუნა, რომელმაც ალექსანდერ-არნოლდს ბურთი წამზე უსწრაფესად მიუტანა, 14 წლის ოუკლი კენონიე აღმოჩნდა. ის ლიდსელია და „ლივერპულის“ აკადემიაში სწავლობს. იმდენად ნიჭიერია, ორი წლით უფროსების გუნდშიც ათამაშებენ.
ლივერპულელთა ყოფილმა კაპიტანმა გრემ სუნესმა კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდა, ბიჭუნა და მისი ოჯახი პერსონალურად დაპატიჟონ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ეს არაა პრობლემა, თუმცა ოუკლის, თურმე მხოლოდ და მხოლოდ ზუსტად შეუსრულებია მითითება.
„ლივერპულის“ ანალიტიკოსებს მატჩამდე კარგა ხნით ადრე დაუფიქსირებიათ, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელები სტანდარტულების დანიშვნისას ერთმანეთში აუცილებლად იწყებენ რაღაცის გარჩევას. მაშინაც კი, თუ სადავო არაფერია. ჰოდა, აკადემიის მწვრთნელმა, იმავდროულად კი ბურთის მომწოდებელთა კოორდინატორმა კარლ ლანკასტერმა მათ დავალება მისცა, „ლივერპულის“ სასარგებლოდ დანიშნული სტანდარტებისას ბურთი უსწრაფესად მიეტანათ ფეხბურთელებამდე.
ლიგა ლიგად, მაგრამ ინგლისურ პრემიერლიგაში ეს მეთოდი უვარგისია: იქ ხომ ძველებურად ერთი ბურთით თამაშობენ და მეორეს მოთხოვნა მსაჯს მაშინ შეუძლია, თუ გასკდა ან სადმე “ქრეივენ კოტეჯზე” ძლიერად დარტყმული ბურთი მდინარემ გაიყოლა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?