კრიშტიანუს ფენომენალური თავურები

Home კატეგორიის გარეშე კრიშტიანუს ფენომენალური თავურები
კრიშტიანუს ფენომენალური თავურები

კრიშტიანუ რონალდუმ კვლავ თავით გაიტანა. ეს კარიერაში მისი 97-ე თავური გოლი ყოფილა. ამჯერად, პორტუგალიელმა „აიაქსს“ შეეუგდო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ ამსტერდამული შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მერვედფინალში, 13 მარტს, როდესაც რონალდუმ „ატლეტიკოს“ სამი გოლი გაუტანა, გარი ლინეკერმა თქვა, რომ თავურების ისეთი დიდოსტატი, როგორიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელია, არასდროს უნახავს.

ამჯერად რონლდუს თავურების შესახებ აზრის გამოთქმა „თაიმზმა“ ვეტერან ფეხბურთელს, „ჩელსისა“ და „მარსელის“ ყოფილ თავდამსხმელს, თავურების უბადლო შემსრულებელს, ირლანდიელ ტონი კასკარინოს სთხოვა.

„სიტუაციები, რომლიდანაც რონალდუს თავით გოლის გატანა შეუძლია იმდენად მრავალფეროვანია, რომ აღფრთოვანებას იწვევს, — თქვა კასკარინომ, — საოცარია აგრეთვე რამდენი იმუშავა პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დროინდელი ცრუმოძრაობებით ცნობილი გარემარბიდან გოლების მრისხანე მანქანად რომ ქცეულიყო.

ჩემი ძლიერესი მხარე ყოველთვის თავით თამაში იყო და მერწმუნეთ, ინგლისში ბარე ორი ვერ მჯობდა, მაგრამ რონალდუ, ვისაც კი ფეხბურთი უთამაშია და თავით გოლი გაუტანია, ყველას მთელი თავით ჯობს.

ბევრჯერ მიცდია ამეხსნა, როგორ უნდა დაარტყა თავური. თავურის დარტყმა შეიძლება მარცხენა მხრიდან, მარჯვნიდან, შუბლით, თხემით და სხვა, მაგრამ ის რასაც რონალდუ აკეთებს გოლფის იდეალურ სვინგს მაგონებს. მისი ორგანიზმის ყველა ნაწილი უნისონში მოძრაობს და თუკი დარტყმა მოახერხა, მერე ვეღარაფერს გააწყობ.

მან საკუთარ სხეულზე ბევრი იმუშავა. რონალდუს ტანი წლების განმავლობაში ძალიან შეიცვალა. ეს მას საშუალებას აძლევს ჰაერში აფრინდეს და ბურთს ყველაზე მოხერხებულ პოზიციაში დახვდეს“.

ჩესტერის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად რონალდუ NBA-ს საშუალო კალათბურთელზე მაღლა ხტება, რაც თუ კაცი დაფიქრდება, ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.