25 თებერვალი. რუსეთი. მე-11…

Home კატეგორიის გარეშე 25 თებერვალი. რუსეთი. მე-11…
25 თებერვალი. რუსეთი. მე-11…

უკეთეს დასაწყისს თავადაც ვერ ინატრებდა: ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ATP-500 კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში კარენ ხაჩანოვი ისე დაამარცხა, ენერგიის დიდი ნაწილი სამომავლოდაც გადაინახა.

პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე საჭირო მომენტში ნიკა ბოძებულ შანსს ჩაეჭიდა და 6:4 მოიგო. მეორე სეტში სომეხი ჩოგბურთელის ყურება საცოდაობა იყო – ორი ბრეიკი და ნიკამ 6:1 იმარჯვა.

ხაჩანოვი 22 წლის კია, მაგრამ რუსეთის პირველი და მსოფლიოს მე-11 ჩოგანია, დუბაიში კი მე-4 ნომრად იყო განთესილი. შესაბამისად, მისი სატურნირო ბადე ნიკამ გადაიბარა. მასზე უფრო მაღალ, მე-2 ნომრად განთესილ ფედერერს ნიკა მხოლოდ ნახევარფინალში თუ შეხვდება.

თუმცა, რად გინდა: უკვე მეორე წრეში ნიკას სავარაუდო მეტოქე დუბაის შარშანდელი ჩემპიონი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

ისე, სიმბოლურია: ისევ 25 თებერვალი დგას… საქმე ისევ რუსეთთან გვქონდა… ისევ მე-11-სთან…

ახლა გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".