
საჩოგბურთო ზეიმი არ შედგა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის უპირატესობა მეორესთან ტოტალური იყო – 6:3, 6:2, 6:3. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირზე ველური ბარათით მოხვედრილი დებიუტანტივით იოლად დაამარცხა რაფაელ ნადალი და კარიერაში მეშვიდედ მოიგო ავსტრალიური ტიტული. ძალიან ძნელია რაიმეს თქმა მატჩზე, რომელშიც ბრძოლა მხოლოდ ერთი ჩოგბურთელის, ნადალის მოწოდებაზე მიმდინარეობდა, ნოვაკმა კი ერთადერთხელ მისცა მეტოქეს ბრეიკის შანსი და წამსვე გაანეიტრალა.
ეს სერბის ზედიზედ მესამე სასლემო, კარიერაში კი მე-15 ტიტულია. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა პიტ სამპრასი და იმავე ნადალის გარდა (17 სლემტიტული), მხოლოდ ფედერერსღა (20) ჩამორჩება.

გაცილებით საინტერესოდ წარიმართა ქალთა ფინალი. 21 წლის ნაომი ოსაკამ ზედიზედ მეორე სლემტიტული ფინალში პეტრა კვიტოვას 7:6, 5:7, 6:4 დამარცხებით მოიპოვა და ორშაბათიდან ოფიციალურად გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი. მეორე სეტში ოსაკა 5:3 იგებდა და მეტოქის მოწოდებაზე სამი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ კვიტოვამ ჯერ ეს გეიმი, მერე კიდევ სამიც მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. სხვა ნებისმიერი ალბათ გატყდებოდა, მაგრამ არა ნაომი, რომლის უმთავრეს იარაღად სწორედ ხასიათის სიმტკიცეს თვლიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოსაკას შეუძლია ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი შეიქნას. არადა, ეს გოგონა ზუსტად ერთი წლის წინ მსოფლიოს 72-ე ჩოგანი იყო. საჩოგბურთო ელიტა ავსტრალიას მადლობით გამოეთხოვა. საერთო აზრით, ასე უნალლოდ ორგანიზებული დიდი სლემის ტურნირი ისტორიას არ ახსოვს. საჩოგბურთო ეპიცენტრი ევროპაში ბრუნდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?