Breaking News

ეს დინამო, ის დინამო

ბუდუ ზივზივაძემ ორ გატანილ გოლთან ერთად ორი საგოლე პასიც გააკეთა ბადრი კეთილაძის ფოტო

გასულ შაბათს „დინამომ“ ის დრო გაგვახსენა, ეროვნული ჩემპიონატის პირველ წლებში რომ მიგვაჩვია. ქინქლაძე-არველაძეების თაობა რამდენიმე თავით მაღლა იდგა მოწინააღმდეგეებზე და ერთ მატჩში 8 თუ 10 გოლი იშვიათობა არ იყო. 12:4-იც გვახსოვს 1993-ში, „დინამომ“ რუსთავის „გორდას“ რომ მოუგო. ეს მატჩი დღემდე ყველაზე უხვგოლიანად ითვლება ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში.
„დინამოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი კი გვამცნობს, რომ სტუმრად 8 ბურთი „ლურჯ-თეთრებმა“ ისტორიაში მეორედ გაიტანეს. მანამდე ასეთი რამ 1996 წელს, ყვარელში მომხდარა, როცა „დურუჯისთვის“ 8:2 მოუგიათ.
ამჯერად დინამოელთა „მსხვერპლი“ „სამტრედია“ გახდა. მატჩი ზესტაფონში ჩატარდა და მაყურებელმა ყველანაირი გემოვნების გოლი იხილა. ერთ მატჩში სამი დუბლიც იშვიათობაა. ამჯერად 2-2 გოლი აკაკი შულაიამ, ბუდუ ზივზივაზემ და გიორგი ივანიშვილმა გაიტანეს. თითოც მათე ვაწაძემ და ლაშა თოთაძემ დაამატეს. ზივზივაძემ ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა, ჯამში 8 მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ გორელ ლეანდრო რიბეიროს (11 პასი) და ოთარ კიტეიშვილს (9) ჩამორჩება.
მოკლედ, „დინამომ“ 8:1 მოიგო და ამ გამარჯვებით კიდევ უფრო მიუახლოვდა ლიდერ „საბურთალოს,“ რომელმაც გორში უგოლო ფრე ითამაშა „დილასთან.“
ახლა 1-2 ადგილოსნებს შორის სხვაობა 5 ქულაა და დინამოელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამ შეხვედრას ისინი 31 ოქტომბერს გამართავენ საკუთარ სტადიონზე „ტორპედოსთან.“ საინტრესოა, რომ ოთხ დღეში მათ კიდევ მოუწევთ შეხვედრა, ოღონდ, ამჯერად 31-ე ტურის გრაფიკით და ქუთაისში.
„ასპროცენტიანი“ გამოდგა „ჩიხურასთვის“ ოქტომბრის თვე. ზემოიმერლებმა ოთხივე კალენდარეული მატჩი მოიგეს და 53 ქულით მესამე ადგილზე დგანან. ამ ადგილისთვის ასევე „ტორპედო“ და „დილა“ იბრძვიან. ამიტომ, „ტორპედო“ – „დინამოს“ მოკლე ხანში ორჯერ დაპირისპირება, ჩვენებურ „კლასიკოს“ გაცილებით შინაარსიანს ხდის.

30-ე ტური: რუსთავი 1:2 ჩიხურა, კოლხეთი 1:1 სიონი, სამტრედია 1:8 დინამო, დილა 0:0 საბურთალო, ლოკომოტივი 0:1 ტორპედო

სატურნირო მდგომარეობა

[table id=12 /]

კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა

31-ე ტური
2 ნოემბერი: ჩიხურა – ლოკომოტივი
3 ნოემბერი: სიონი – დილა, საბურთალო – რუსთავი
4 ნოემბერი: კოლხეთი – სამტრედია, ტორპედო – დინამო

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 17, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 16, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 15, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 13, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, ლევან კუტალია (ტორპედო) – 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) – 9

სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.