რა დიდია და რა გადარეული — დიეგო მარადონა კორეელ გულშემატკივრებს სულელურად გაეხუმრა და ისევ შარშია. ამჯერად დიდი სკანდალი ალბათ არ აგორდება, მაგრამ მაინც.
ამბავი კი ასე იყო: მოსკოვში, „სპარტაკის” სტადიონზე, მხიარული კორეელი ფანები მარადონას ხელს უქნევდნენ, მის სახელს ყვიროდნენ და სმარტფონებით ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ. ამ ამბავს ITV-ს მიმომხილველი ჯექი ოთლი შეესწრო და სწორედ მან მოსდო მსოფლიოს „ტვიტერის” საშუალებით. დიეგოს აზიელი თაყვანისმცემლებისთვის პასუხად გაუცინია, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნია და ხელიც დაუქნევია, მაგრამ მერე რაღაც ბზიკმა უკბინა, თითები თვალების კუთხეებზე მიიდო და დაიწვრილა. ოთლიმ ამბავი ატეხა, ეს ნამდვილი რასისტული შეურაცხყოფა იყოო.
აღსანიშნავია, რომ ჯექი ოთლი ამ ამბავს მარტო არ შესწრებია. მის გვერდით იყო კოლეგა სიმა ჯესუოლიც, რომელმაც სიტყვასიტყვით იგივე დაადასტურა. არადა, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ბოლოდროს როგორ უწონებდნენ საქციელს. როდესაც ის ინვალიდის ეტლში ჩასმულ, ნაავადმყოფარ პელეს მოეფერა და აკოცა, ლამის მთელ მსოფლიოს ცრემლი წამოუვიდა. ახლა კი ისევ სკანდალი…
მაგრამ რას იზამ. ეს დიეგოა!
ისე, ალბათ მარადონასაც უნდა გავუგოთ. ის ხომ „სპარტაკის” სტადიონზე, რომელსაც უცნაური სახელი, „ოტკრიწიე არენა” დაარქვეს, თავისი ქვეყნის ნაკრების გასაჭირს ადევნებდა თვალს: მხოლოდ იმ მატჩის კი არა, მთელი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა არგენტინამ ისლანდიასთან 1:1 ითამაშა, ხოლო ლეო მესიმ, რომელსაც მალიმალ თავად მარადონას ადარებენ და ზოგი მასზე ძლიერ ფეხბურთელადაც კი მიიჩნევს, პენალტი ვერ გაიტანა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
