საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • სად არის პატრიკ კლუივერტი?
  • ბოლო ცნობებით ის მილანში იყო, თუმცა, რას აკეთებდა იქ, არავინ იცის.
  • მაშინ რატომ არის კლუივერტი მილანში?
  • იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მატარებელი ვერ აირჩია.
  • როგორ მოხვდა კლუივერტი მილანში?
  • შემთხვევით. მან და მისმა ძმაკაცმა უინსტონ ბოგარდმა სამხრეთში დასვენება გადაწყვიტეს, მილანში ჩასულებმა კი გაარკვიეს ,რომ იქ კურორტი არ ყოფილა.
  • სად არის ახლა ბოგარდი?
  • ბოგარდი ბარსელონაში წავიდა, რადგან გაიგო, რომ იქ უკეთესი დასასვენებელი ადგილია.
  • რატომ არ წაყვა მას კლუივერტი?
  • იმიტომ, რომ არავინ დაპატიჟა, ბოგარდი ხომ მიპატიჟებით გაემგზავრა.
  • ვინ მიიპატიჟა ბოგარდი?
  • ლუის ვარ გაალმა. მან თავის ასოცდამეშვიდე ბლოკნოტში ბოგარდის ტელეფონი იპოვა და გაახსენდა, რომ ამ ბიჭს იცნობდა.
  • საიდან იცნობდა ვან გაალი ბოგარდს?
  • ისინი ერთად ცხოვრობდნენ ამსტერდამში. ერთხელ გაზამ წიხლი ჩაარტყა ბოგარდს და ვან გაალსაც ასე დაამახსოვრდა. ბოგარდი სხვანაირად ვერაფრით მოხვდებოდა თვალში.
  • თუ ყველანი ამსტერდამელები არიან, რატომ არ ბრუნდება კლუივერტი ამსტერდამში?
  • იქ შეიძლება საციხოდ გაუხდეს საქმე. თანაც, იქ შოთაა და ასე იოლად აღარ ჩაესვლება. ესეც არ იყოს და, იქ ნაცნობები აღარ დარჩა, ედგარ დევიდსი და მიშა რაიციგერიც წავიდნენ.
  • სად?
  • თავიდან, ალბათ, მილანში ერთ-ერთი მაინც. ახლა კი ისინიც ბარსელონაში არიან. ეს საუკეთესო დასასვენებელი ადგილია ასეთი ბიჭებისთვის.
  • და სად არის კიკი მუსამპა?
  • სადღაც იქვე, შორიახლოს.
  • ნორდინ ვუტერი?
  • ვუტერმა ნაწნავები დაიშალა და ბერად აღიკვეცა.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ სამხრეთში ვერ წავიდა დასასვენებლად.
  • ახლა რას ფიქრობს კლუივერტი?
  • ძნელი სათქმელშია, ფიქრობს თუ არა.
  • რა დარჩენია?
  • ფოჯაში ყოფილა კარგი დასასვენებელი ადგილი. თუმცა, გული ბარსელონასკენ მიუწევს, რადგან ძმაბიჭები იქ ისვენებენ.
  • ვერაფრით იშოვის ბარსელონაში წასასვლელ ბილეთს?
  • საეჭვოა, მგონი მაასტრიხტის ბილეთს სთავაზობენ, მაგრამ არ უნდა, სიცივეაო.
  • არსენ ვენგერი თუ იცნობს კლუივერტს?
  • იან რაიტი რომ მოკვდება, მერე გაიცნობს, თუ მანამდე გაბრიელ ბატისტუტა არ გაიცნო.
  • და რუუდ გულიტი?
  • გულიტი იცნობს, თვითონაც ნამყოფია სამხრეთში, მაგრამ არ ახსოვს, რომ იცნობს.
  • რა გაუკეთებია პატრიკ კლუივერტს?
  • ბავშვობაში კარგად თამაშობდა ფეხბურთს. რაც სრულწლოვანი გახდა, აღარაფერს აკეთებს, აკი გითხარით, სამხრეთში დასვენებას აპირებდა-მეთქი.
  • ჩვენ რაღა გვალაპარაკებს?
  • ალბათ ის, რომ მატარებელი არ უნდა შეგეშალოს და რახან ბავშვი ხარ, შინ უნდა დაეტიო.

14.02.1998