ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?

Home კატეგორიის გარეშე ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?
ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?

“სევილიამ” არგენტინელი მწვრთნელი ედუარდო ბერისო გაათავისუფლა. ბერისო ესპანურ გუნდში სულ შვიდი თვის მისული იყო. ერთი თვის წინ მან პროსტატის სიმსივნეზე იმკურნალა. სევილიელები ბერისოს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შეხვდეს, ყოველმხრივ მხარში დგომას და ერთგულებას ჰპირდებოდნენ. ლა ლიგაში “სევილია” 17 თამაშიდან 29 ქულით მეხუთე ადგილზეა.

კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 48 წლის არგენტინელის სამსახურიდან გაშვების მიზეზი მიმდინარე სეზონში ცუდი სტარტია.

ედუარდო ბერისო “რივერ პლეიტსა” და ვიგოს “სელტაში” ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, შემდეგ კი მწვრთნელი გახდა და არგენტინულ “ესტუდიანტესს”, ჩილეს “ო’იგინსსა” და თავის ყოფილ ესპანურ გუნდ “სელტას” ედგა სათავეში.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში “მანჩესტერ იუნაიტედს“ სევილიელები უკვე ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდებიან.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.