34!

დიდი წიოკია მოსალოდნელი დოპინგის გამო რუსულ ფეხბურთში. გრიგორი რადჩენკოვს აქვს  34 რუსი ფეხბურთელის – მათ შორის ნაკრების წევრები – სია, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეს.

ვინაა გრიგორი მიხაილის ძე რადჩენკოვი? ეს გახლავთ 59 წლის ქიმიკოსი, რომელიც მოსკოვის ანტი-სადოპინგო ლაბორატორიას  თავკაცობდა (2005-2015) და თავად იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც რუსი სპორტსმენების დოპინგიანი ტესტების გაყალბებაში მონაწილეობდა სპეცსამსახურების ხელდასმით.

ქიმიკოსი მზადაა, რომ  მასალები 34 ფეხბურთელზე ფიფას აახლოს ნებისმიერ დროს.

2015 წელს, როცა WADA-მ (მსოფლიოს ანტი-სადოპინგო სააგენტო) რადჩენკოვი თაღლითობაში ამხილა, მან თანამდებობა დატოვა, სპეცსამსახურებს დაასწრო და აშშ-ში გაასწრო კინოდოკუმენტალისტ ბრაიან ფოგელის დახმარებით, ვინც იმჟამად მოსკოვში გახლდათ და სოჭის ოლიმპიადის შემდეგ გამსკდარ დოპინგ-სკანდლზე ფილმს აკეთებდა.

ამის შემდეგ იქცა ქიმიკოსი WADA- ს მთავარ ინფორმატორად – შედეგად არაერთი რუსი სპორტსმენის ოლიმპიურ მედალი გაუქმდა და ბევრსაც შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალა.

სწორედ მოსკოვიდან გააყოლა ხელს რადჩენკოვმა აშშ-ში ფაილები, რომლებსაც  მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრამდე (1 დეკემბერს, მოსკოვში) 5 დღით ადრე სთავაზობს ფიფას.

ქიმიკოსის ადვოკატმა ჯიმ უოლდენმა განაცხადა: „ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივაწოდოთ 34 ფეხბურთელის სია, მაგრამ ფიფა სირქლემასავით ქვიშაშია თავჩარგული. ეს რომ დამტკიცდეს, მათ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მოკვეთა მოუწევთ“.