საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • აღარ ვიცი, რა ვიფიქრო?
  • რატომ?
  • მთელი სეზონი ვყვიროდი “იუვე”, “იუვე”, “იუვე” და რა გამოვიდა?
  • სულელი ყოფილხარ.
  • ჩირო რომ მომჯობინებულიყო, სხვანაირად არ იქნებოდა?
  • ეგრე დი სტეფანო და ხენტოს რომ ეთამაშათ…
  • კარგი, ერთი, „რეალი“ გუნდია?
  • და „დორტმუნდი“?
  • ამით რისი თქმა გინდა?
  • ამით იმის თქმა მინდა, რომ „იუვენტუსს“ ერთი უცნაური თვისება აქვს. მოედანზე ხან თერთმეტი ზიდანია, ხან თერთმეტი დი ლივიო.
  • და დელ პიერო?
  • ძალიან მწყდება გული, რომ დელ პიერომ არ ითამაშა. მაშინ ხომ აღარ გექნებოდათ სალაპარაკო, „იუვეს“ ბალეშჩიკებს, დელ პიერო არ გვყავდა და იმიტომ წავაგეთო.
  • დელ პიერომ როგორ არ ითამაშა. იქ არ იყო?
  • სად?
  • „ამსტერდამ არენაზე“.
  • ტრიბუნაზე თუ იჯდა, არ ვიცი, და მოედანზე არ იყო.
  • როგორ არა?
  • მოიცა, მოიცა… გავიხსენო. არა, ის ტორიჩელი იყო. არა, არ უთამაშია.
  • კარგი ერთი. თვალებში ნაცარს მაყრი?
  • მე გაყრი თვალში ნაცარს? მე თუ მკითხავ, ლიპი გაყრის მაგ ნაცარს.
  • რატომ?
  • მესამე წელიწადია, გატყუებს. ზედიზედ სამჯერ გახვიდე და ვერ მოიგო?
  • სამჯერ რატომ? ორჯერ. „აიაქსს“ ხომ მოუგეს?
  • მაგათ თუ „აიაქსს“ მოუგეს, მაშინ შენ ნამუსი აღარ გქონია.
  • აბა, ჰაინკესს აქვს ნამუსი?
  • იმის ნამუსი მაინც აქვს, რომ ყოველ წელიწადს ფინალში არ გავიდეს და იქედან შერცხვენილი არ დაბრუნდეს. უკვე ფინალების ყურების მეშინია.
  • რატომ?
  • დამთავრდება და დაინახავ ლიპის. ცხვირ-პირი ჩამოსტირის, უჭირავს ის თავისი სიგარა და იყურება შორს. აღარ მოგბეზრდა?
  • „იუვე“ გუნდი არ არის?

    მარჩელო ლიპი და რობერტო ბაჯო
  • „იუვე“ ჩემპიონია.
  • მერე?
  • მერე ფინალისტია.
  • მერე?
  • მერე დი ლივიოა, კონტეა, მონტეროა, ტორიჩელია, დეშამპია, აქ თავდება ბაზარი.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ ბაჯო “„ბოლონიაშია“.
  • და გაზა?
  • რა შუაშია გაზა?
  • გაზას რომ ეთამაშა „იუვეში“, რა იქნებოდა?
  • სერია B.
  • რატომ?
  • გაზა ხომ დავიდსი არ არის, დაეზარებოდა.
  • ზიდანსაც ხომ ეზარება ხოლმე?
  • ეჰ, ზიდანს გაზას როგორ შევადარებ. სად გაზა, სად ზიდანი.
  • რა საკითხში?
  • არ გინდა ეს პროვოკაციული შეკითხვები. საგაისოდ გაემზადე.

23.05.1998