პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან

პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩილეს ქალაქ ვინია დელ მარში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის მატჩი სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეორე გამარჯვებაც იზეიმა – 33:12.

ამჯერად ბორჯღალოსნებმა ბონუს-ქულა ვერ გამოიმუშავეს, რადგანაც მხოლოდ 3 ლელო გაიტანეს, თუმცა, ერთი კვირის წინ, ურუგვაელებთან 41:34 მოგებული მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის თამაში ბევრად პრაგმატული, რაციონალური, მწყობრი და შეიძლება ითქვას რომ ჭკვიანურიც კი იყო. არც დისციპლინის მხრივ დაიმსახურეს აუგი მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ივანიშვილმა და მიხეილ ბაბუნაშვილმა 10-10 წუთი სინბინში გაატარეს. ბაბუნაშვილის ყვითელი ბარათი სამართლიანი იყო, აი, ივანიშვილის გაძევებისას რეფერი დიდი ალბათობით შეცდა. თუმცა, ასეა თუ ისე, საქართველომ მეტად სოლიდურად ითამაშა არეულ რაგბში ძალზე საშიშ სამოელებთან და მათთან დაპირისპირებების ისტორიაში 7 მატჩიდან მე-4 მოიგო, რაც მთავარია კი, 4 წლის წინ თბილისში განცდილი მოულოდნელი და დასანანი მარცხისთვის შური იძია.

ზემოთ ხსენებულმა ლუკა ივანიშვილმა საოცარი მატჩი ჩაატარა, ერთი ფანტასტიკური ლელოც გაიტანა და კუნძულელები უბრალოდ არბია და ჩეჩქვა. ცნობისთვის, სამოელებთან დადებული ვირტუოზული ლელო ლუკასთვის მე-6 გამოდგა 32-ე სანაკრებო მატჩში.

პირველი ლელო კი კაპიტან დავით ნინიაშვილთან მაღალტექნიკური ხელდახელ გათამაშების შემდეგ გიორგი კვესელაძემ გაიტანა, ვისთვისაც ეს იყო მე-14 ლელო მე-80 სანაკრებო თამაშში.

მესამე ლელო კი გაწითლებულ დროში ივანიშვილის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ილია სპანდერაშვილმა დადო, ვინც ლუკასავით მე-6 ლელო მიითვალა, ოღონდაც კეპების რაოდენობით ივანიშვილს გვარიანად ჩამორჩება – სპანდერაშვილმა 22-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა.

ილიას ლელო მახვილი კუთხიდან შეცვლაზე ახალშესულმა თედო აბჟანდაძემ გარდასახა, პირველი და მეორე გარდასახვა კი ლუკა მატკავამ გაიტანა, ვინც გარდა ამისა 4 ზუსტი საჯარიმო დატყმითაც გამოირჩა. ჯამში მატკავამ 16 ქულას მოუყარა თავი, რამაც მისი სანაკრებო ანგარიში 39 მატჩში 292 ქულას გაუტოლა. თედოს 65 მატჩში 413 ქულა გაუხდა, თუმცა მთავარი სტატისტიკური მოვლენა ის იყო, რომ ჯერაც 23 წლის დავით ნინიაშვილმა 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, რაც მისი ასაკისთვის დიდოსტატური მაჩვენებელია.

კიდევ ერთი მისალოცი ამბავი: „შავ ლომში“ საფრანგეთიდან ახლახან გადასულმა კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. წარმატებები!

ბორჯღალოსნებს მომდევნო მატჩი ჩილეს ნაკრებთან მის მოედანზე, სანტიაგოს გარეუბან ლა სერენაში ექნება. ველოდებით 18 ივლისის 23 საათს.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.