ესპანეთმა საუდის არაბეთს 4:0 მოუგო. ლამინ იამალმა თავიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომლშიც „ლა როხამ“ კაპე ვერდეს ვერ აჯობა (0:0) 18 წლის ვარსკვლავმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, გეგმა კი ტრავმამ განაპირობა, რომელსაც იამალი აპრილიდან მკურნალობდა.
საუდის არაბეთთან შეხვედრას იამალმა დაღი მალევე დაასვა. მეტიც, ჟურნალისტებმა რომელებიც მატჩს ატლანტაში, ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალყურს თქვეს, რომ ბარსელონელის მხოლოდ გამოჩენამ შექმნა საგანგებო ატმოსფერო. მისი მაისური ეცვა ათასობით გულშემატკივარს. ტაბლოზე მისი სახის გამოჩენას არნახული ღრიალი სდევდა.
„იამალს შეიძლება მოკრძალებული რჩევა მისცე, მაგრამ როდესაც ხედავ ასეთ მოთამაშეს, საკუთარ თავში დარწმუნებულსა და ლაღს, ხვდები, რომ მას ბევრი რამ სწავლების გარეშეც შეუძლია. როდესაც ის მოედანზეა იცის როგორ უნდა შექმნას სახიფათო მომენტი. ის ჯიქურ მიდის თავდამსხმელებზე და ხვდება სად უნდა მიიღოს ბურთი. ლამინი ყოველ შეხვედრაში უკეთესია ვიდრე მანამდე იყო“, – ამბობს ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სესარ ასპილიკუეტა.
იამალმა საუდის არაბეთთან მე-10 წუთზევე გახსნა ანგარიში. ცნობილმა ჟურნალისტმა და ბევრი დიდი ფეხბურთელის ბიოგრაფიული წიგნის ავტორმა გილემ ბალაგემ „5 ლაივთან“ საუბრისას თქვა, რომ მან დანახა რა გამომეტყველება ჰქონდა საუდის არაბეთთან შეხვედრის დროს იამალს. ის იყურებოდა, როგორც მსოფლიოს დამპყრობელი. ბალაგემ თქვა:
„რა არის ეს, ქედმაღლობა თუ საკუთარი თავის რწმენა? ალბათ ორივე. ის რჩეულია. მას უნდა, რომ იყოს რჩეული. ლიდერის როლში ის თავს ბედნიერად გრძნობს. მან ერთხელ მითხრა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს ყველაზე მეტად იმ რეაქციების მოსმენა სიამოვნებს, რომელთაც ადრე მინი ფეხბურთის დროს ისმენდა“.

ლამინ იამალი გახდა მეშვიდე ვინ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი მანამდე შეაგდო სანამ 19 წლის გახდებოდა. რაც შეეხება შეხვედრაში ანგარიშის გახსნას ანუ კონკრეტული თამაშის პირველი გოლის გატანას, ამ მხრივ ესპანელი მეორეა. პირველი იყო პელე, რომელმაც 1958 წელს უელსს 17 წლის ასაკში გაუტანა.
ის ფაქტი, რომ იამალი „ბარსელონას“ ფეხბურთელია ბევრს უნებლიედ მისი და მესის შედარებისკენ უბიძგებს. მან „ბარსელონაში“ მართლაც გააუმჯობესა არგენტინელის ბევრი რეკორდი და ახლა სანაკრებო ფეხბურთსაც მიადგა: როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა იამალი მესიზე ორი კვირით უმცროსი იყო.
უეინ რუნი: „მესი და კრიშტიანუ რონალდუ თავდადებული, საქმის ერთგული ხალხია და ამიტომაც კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატზე არიან. ისინი კარიერის განმავლობაში ყველაფერს სწორად აკეთებდნენ. იმედი მაქვს, რომ იამალიც ასე მოიქცევა. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ როდესაც მესი „ბარსელონაში“ მივიდა იქ რამდენიმე ტოპ ფეხბურთელი დახვდა და მისი გზა რონალდინიოსთანაც კი გადაიკვეთა. რაც შეეხება იამალს, როდესაც ის „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში მივიდა, პირდაპირ მთავარი კაცი გახდა. მისგან ყველა გამარჯვებას ელის. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ესპანეთი ევროპის ჩემპიონია და ის მსოფლიოს მიმდინარე პირველობაზეც დიდ როლს ითამაშებს. იამალი პატარა ასაკში ამხელა ზეწოლას უძლებს. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება კიდევ 15-20 წლის განმავლობაში“.
საუდის არაბეთთან თავი გამოიჩინა მიკელ ოიარსაბალმაც. მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. საგულისხმოა, რომ ოირსაბალმა ეს შეხვედრის პირველ 25 წუთში მოახერხა, ასეთი რამ კი 1966 წლის შემდეგ მხოლოდ ერთ მოთამაშეს მოუხერხებია. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთმა კაპო ვერდესთან შეხვედრისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. მომდევნო თამაში „ლა როხას“ 27 ივნისს ურუგვაისთან ელის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
