20 წლის ოსმან დემბელემ ფრანგულ „ონზ მონდიალს” ინტერვიუ მისცა. გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადასულ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გერმანული კლუბიდან წასვლას. დემბელემ, რომელიც ესპანეთში გადასვლისთანავე დაშავდა და მას მერე თამაშის ნაცვლად მკურნალობს, უპასუხა:

„ვნანობ და არც ვნანობ. ზაფხულზე ვფიქრობდი, რომ იცნების ახდენის საშუალება მეძლეოდა და ის ხელიდან არ უნდა გამეშვა. ამიტომაც მოვინდომე და მოვიქეცი ისე, როგორც მოვიქეცი”.

საუბარია იმაზე, რომ როგორც კი ოსმან დემბელემ „ბარსელონას” ინტერესის შესახებ გაიგო, „დორტმუნდის” ვარჯიშებზე სიარული შეწყვიტა. ეს იყო გაფიცვა, რომელმაც ბუნდესლიგის კლუბი იძულებული გახადა „ბარსელონასთვის” დაეთმო, თორემ კონტრაქტით ფრანგს „დორტმუნდში” 2021 წლამდე უნდა ეთამაშა.

„რა უნდა მექნა? „ბარსელონასთვის” მეორედ მეთქვა უარი? ჩემთვის ეს გამორიცხული იყო”, — თქვა დემბელემ.

ინტერვიუში დემბელე განმარტავს, რომ კატალონიელებმა მას ჯერ კიდევ „რენში” თამაშის დროს შესთავაზეს მათთან გადასვლა.

„საინტერესოა თავად როგორ მოიქცეოდა ის ხალხი, რომელიც მე მაკრიტიკებს” — იკითხა ფეხბურთელმა.

ამბობენ, რომ ოსმან დემბელეს „ბარსელონაში” პირადი მზარეული და ფიზიოთერაპევტი ჰყავს, რისი წყალობითაც ის მოკეთდა და თანდათანობით ფიზიკურ ფორმასაც აუმჯობესებს.