ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ემოციათა მთელი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. მატჩის შემდეგ ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს ელაპარაკა.
– თამაშის შინაარსიდან გამომდინარე საკუთარი გუნდით უკმაყოფილო ხომ არ ხართ?
– ჩვენ არ ვართ მიჩვეულები ისეთ გუნდთან თამაშს, რომელიც ჩვენნაირად თამაშობს. ჩვეულებრივ მეტი სიზუსტე გვახასიათებს. მეორე შესვენებისას ტაქტიკა შევცვალეთ და მეორე ტაიმი ჩინებულად დავიწყეთ. შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით, მაგრამ ეს რთული იყო. დღევანდელი შეხვედრა ადვილი არ იყო და ამის მიზეზი პირველი მატჩის შედეგი გახლდათ. როდესაც სიზუსტეს კარგავ, დონეც გეკარგება. ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმით, რაც შევძელით – პირველი ტაიმის სირთულეები გადავლახეთ.
– დღევანდელი საღამო უბრალოდ უიღბლო იყო, თუ მან ნაკლოვან მხარეებზე მიგითითათ?
– თუკი ამ შეჯიბრებაში იყო გუნდი, რომელსაც ყველაზე ცუდი ჯგუფი ერგო, ეს ჩვენ ვართ და თუკი არის გუნდი, რომელიც მომდევნო შეხვედრისთვის ყოველთვის მზად არის, ისიც ჩვენ ვართ. ჩვენ ამ მატჩებისთვის მზად ვართ. რასაკვირველია, ჩვენ ნაკლოვანების გამოსწორებაც გვჭირდება, მაგრამ მარტონი ხომ არ ვართ? მეტოქეც ხომ არის? „ბარსელონასთან’’ ან „ჩელსისთან’’ შემდეგი თამაშები უფრო იოლი იქნება (ირონიულად გაიღიმა).
– ბოლო საჯარიმო დარტყმის წინ რატომ კანკალებდით?
– ფეხბურთი ამოუცნობია. ჩვენ რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ბოლო საჯარიმო დარტყმის დროს შეიძლებოდა ყველანაირი უპირატესობა დაგვეკარგა. შეიძლებოდა მათი მეკარე წამოსულიყო წინ.
– მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ შემდეგ ეტაპზე გასვლაში ხელი შეგიწყოთ?
– მსაჯებზე არასდროს ვლაპარაკობ. გარემო ფანტასტიკური იყო. ჩვენ საოცარი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშეთ.
– მეტოქედ „ჩელსი’’ გირჩევნიათ თუ „ბარსელონა’’?
– ყველაფერი მარტივადაა: მე მინდა „ჩელსი’’ ან „ბარსელონა’’. და რაც მთავარია, მინდა პირველი შეხვედრა შინ გვქონდეს.
– თქვენ კვლავ არასრულფასოვანი სეზონისწინა მომზადების ფასს იხდით?
– მზად ვართ ყველა შეჯიბრებაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შევხვდეთ. სეზონის დასრულებამდე სამი თვეა და ჩვენ გვინდა ყველა ის შეჯიბრება მოვიგოთ, რომელშიც ვმონაწილეობთ. ეს ძალიან რთული ამოცანაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
