ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მონაკოსა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ლაპარაკია მე-12 წუთზე ლამინ კამარას უხეშობაზე მეკარე ლუკა შევალიეს წინააღმდეგ. უფრო სწორად იმაზე, რომ მსაჯმა კლემენ ტურპენმა კამარა წითელი ბარათით არ დასაჯა. და აი, ლიგა 1-ის მსაჯთა ტექნიკურმა დეპარტამენტმა რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ტურპენი შეცდა, მას „მონაკოს’’ მოთამაშე მოედნიდან უნდა გაეგდო.
„ვარდნა შესრულდა უკონტროლოდ, სწრაფად და ინტენსიურად. ის იყო დაგვიანებული, რადგან მეკარეს ბურთი უკვე მოშორებული ჰქონდა. ვარდნის მომენტში თავდამსხმელმა მეკარეს პირდაპირ მარჯვენა ფეხში ჩაარტყა, რითაც მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა. მე-12 წესის შესაბამისად, ეს ქმედება ფასდება როგორც სერიოზული დარღვევა და ისჯება წითელი ბარათით. მოსალოდნელი იყო, რომ მსაჯს თავდაპირველ გადაწყვეტილებას ეპიზოდის მოედნის კიდესთან დამონტაჟებულ მონიტორზე ნახვა შეაცვლევინებდა’’, ― წერია ზემოხსენებულ დასკვნაში.
მსაჯის შეცდომის გამოსწორება შეეძლო VAR-ს, მაგრამ იმ დღეს ტექნიკურ ოთახში მყოფმა ჟერემი პინიარმა მიიჩნია, რომ დარღვევა სერიოზული არ იყო და სენეგალელი ფეხბურთელი სასჯელს არ იმსახურებდა. ტექნიკური ოთახიდან გავრცელებულ ვიდეოში ისმის შემდეგი სიტყვები: „დარტყმა სუსტი იყო, ფეხის უბრალო გადაბრუნებაა. ვნახოთ რა მოხდება’’, ― უთხრა VAR-ის გამგებელმა მოედანზე მყოფ კოლეგას. ერთი ხნის შემდეგ მან იგივე გაიმეორა: „დარტყმა სუსტი იყო, ადგილი ჰქონდა ფეხის მცირე გადაბრუნებას, თუმცა ჩემი აზრით სიტუაციაზე კონტროლი დაკარგული იყო’’.
საბოლოოდ, ლამინ კამარა და „მონაკო’’ მდგომარეობიდან გამოძვრნენ. ბედის ირონიით, მატჩის შემდეგ კამარა საიტებმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. როგორც ზემოთ გითხარით, „მონაკომ’’ მოიგო 1:0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
