ვაშა! მხოლოდ ექვსი კვირა

Home კატეგორიის გარეშე ვაშა! მხოლოდ ექვსი კვირა
ვაშა! მხოლოდ ექვსი კვირა

Désiré DOUÉ of Paris Saint-Germain during the Ligue 1 McDonald's match between Lorient and Paris at Stade du Moustoir on October 29, 2025 in Lorient,...დეზირე დუე მოედანს ექვსი კვირით დაემშვიდობა. ამ ამბავმა „პარი სენ ჟერმენი’’ დაამშვიდა, რადგან უარესს ელოდა. ოთხშაბათს, სტუმრად „ლორიანთან’’ შეხვედრის მეორე ტაიმში (1:1) 20 წლის ფრანგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას ოპერაცია არ დასჭირდება.

პარიზულმა კლუბმა მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ თავდამსხმელს მარჯვენა ფეხის ბარძაყზე კუნთი გაეჭიმა. უფრო ვრცლად მისი ჯანმრთელობის შესახებ ათ დღეში იტყვიან, როდესაც ფეხბურთელები კლუბებს დროებით დაემშვიდობებიან და ეროვნული გუნდების განკარგულებაში გადავლენ.

პსჟ-ს 14 ნომერი გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს „ბაიენთან’’, „ტოტენჰემთან’’ და „ბილბაოსთან’’.

დუე მოედანს სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში დაუბრუნდება, რაც დამოკიდებულია იმაზე, იჩქარებს თუ არა კლუბი. აქვე დავძინოთ, რომ 20 ან 21 დეკემბერს პსჟ საფრანგეთის თასზე ითამაშებს და ამ შეხვედრას გუნდი დიდი ალბათობით დუეს გარეშეც გაართმევს თავს. თუ მატჩი რომელიმე სამოყვარულო კლუბის ტალახიან მოედანზე ჩატარდება, პარიზელები მითუფრო არ გარისკავენ.

შეგახსენებთ, რომ დუე სექტემბრის დასაწყისში ნაკრებში დაშავდა და წვივს მკურნალობდა. მაშინ მას ინტენსიურად უექიმეს და ბოლო 13 დღეში ძირითად შემადგენლობაში სამჯერ ათამაშეს კიდეც. ამის გამო ისედაც მიმდინარეობდა დიდი კამათი. ბევრი მიიჩნევდა, რომ კლუბმა იჩქარა და ფეხბურთელს მეტად უნდა გაფრთხილებოდა.

„ლევერკუზენთან’’ შეხვედრაში მან პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ლუის ენრიკემ გადაწყვიტა შესვენებისას მოედნიდან გაეყვანა. შემდეგ „ბრესტთან’’ დუემ კიდევ შეაგდო. საყოველთაოდ წერდნენ, რომ ის ჩინებულ ფორმაში იყო ― სამი გოლის გარდა ორი საგოლე პასიც შეასრულა.

„ლორიანთან’’ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკემ თქვა, რომ დუეს უცნაური ტრავმა ჰქონდა. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ეს რაღაც ახალი იყო და კავშირში არ გახლდათ წვივის ძველ დაზიანებასთან. სხვა სიტყვებით, ჩვენს ექიმებს დიაგნოზი არ შეშლიათ და თავდამსხმელს სწორად მკურნალობდნენო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.