კვირას „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ფრანგ თავდამსხმელს ბრაიან მბეუმოს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია, მან „ლივერპულის’’ მცველების შეცდომით მე-2 წუთზევე ისარგებლა და ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. ბევრმა ინგლისურმა გამოცემამ გოლი ქართველ მეკარეს დააბრალა, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მანამდე ვირჯილ ვან დაიკი შეცდა. ეპიზოდი კი მოედნის შუაში არგენტინელი ალექსის მაკალისტერის ტრავმით დაიწყო.

„იუნაიტედის’’ ფეხბურთელებმა საგოლე შეტევა მას მერე წამოიწყეს, რაც ვან დაიკმა თანაგუნდელს შემთხვევით თავში იდაყვი ჩაარტყა. ფეხბურთელები სწორედ მბეუმოსთვის მაღალი ბურთის მოსაგებად იყვნენ ამხტარები. Sky Sports-ის მიერ X პლატფორმაზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თავნატკენი მაკალისტერი გაზონზე ეცემა. მსაჯი მაიკლ ოლივერი ამ ეპიზოდში ახლოს იმყოფება, მაგრამ თამაშს არ აჩერებს. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მაკალისტერი მეტოქეს არ წაუქცევია და ამიტომ არბიტრი სწორად მოიქცა, მაგრამ თუ წესი წესია, მაშინ მას უნდა გახსენებოდა, რომ 2025-26 წლების სეზონიდან პრემიერლიგაში თავის ტრავმებს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან და როდესაც ფეხბურთელი თავში დარტყმას მიიღებს (სულერთია მეტოქე ჩაარტყამს, თანაგუნდელი თუ რაიმე საგანი მოხვდება), მსაჯმა შეხვედრა უნდა გააჩეროს.
Sky Sports-ის კომენტატორმა, წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „ვფიქრობ, ეგრეთწოდებული თავის ტრავმის წესით უკვე ბევრმა ფეხბურთელმა ისარგებლა. გუშინაც, როდესაც „ფულემის’’ ფეხბურთელი წაიქცა, მსაჯმა თამაში გააჩერა და „არსენალმა’’ ამით იზარალა. ამიტომაც ვერ გავიგე, რატომ არ გააჩერა მაიკლ ოლივერმა მაკალისტერის დაცემის შემდეგ თამაში’’.
შეხვედრის მსვლელობისას გამოითქვა ეჭვი, რომ არბიტრმა არგენტინელის დაცემა ვერ დაინახა, მაგრამ Sky Sports-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ოლივერი ახლოსაა და ყველაფერს კარგად ხედავს.
ერთხელაც დავაზუსტოთ: პრემიერლიგის მითითებების თანახმად როდესაც მსაჯი თავის ტრავმას შეამჩნევს, ვალდებულია თამაში გააჩეროს.
პორტალი empireofthekop წერს, რომ „ლივერპულის’’ დაცვაში არეულობა მოხდა. ვან დაიკმა ობრაჰიმა კონატეს დაუძახა, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედში’’ მოთამაშე თანამემამულეს უნდა გამოდევნებოდა. როგორც ჩანს კონატემ მთლად კარგად ვერ გაიგო რა უნდა გაეკეთებინა და საჯარიმოსთან რამდენიმე ნაბიჯში მდგომმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჯამში, „ლივერპულმა’’ დაცვაში ძალიან სუსტად ითამაშა და მის გულშემატკივარს შეიძლება გავუგოთ, როდესაც ისრები მსაჯისკენ შეატრიალეს, თამაში უნდა გაეჩერებინაო.
აღსანიშნავია, რომ empireofthekop გოლს ცალსახად მამარდაშვილს არ აბრალებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
