
ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული კანგ-ინ ლი აზიის საუკეთესო „კონტინენტს გარეთ მოთამაშე ფეხბურთელად’’ დაასახელეს და საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე შესაფერისი ტროფი გადასცეს.
„პარი სენ ჟერმენის’’ მოთამაშემ გაუსწრო ირანელ მეჰდი ტარემის („ოლიმპიაკოსი’’) და იაპონელ ტაკესუფა კუბოს („რეალ სოსიედადი’’). კანგ-ინ ლის დაჯილდოებას გამოეხმაურა პარიზული კლუბიც, რომელმაც გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელს ასეთი ჯილდოთი პირველად აჯილდოებენ.
სამხრეთ კორეის ნაკრების შემადგენლობაში კანგ-ინ ლიმ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევში გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 6 საგოლე პასი. კორეელთა ეროვნული გუნდი AFC-ს ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯერჯერობით ირანის, იაპონიის, იორდანიის, ყატარის, საუდის არაბეთის და უზბეკეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
კანგ-ინ ლი „პარი სენ ჟერმენის’’ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი სტატისტიკა დააგროვა: მონაწილეობა მიიღო 49 შეხვედრაში, გაიტანა 7 გოლი და გადააწოდა 6 საგოლე პასი. ყველაზე ეფექტურად მან ითამაშა 13 აგვისტოს უდინეში „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ წინააღმდეგ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში, სადაც გოლიც გაიტანა.
კანგ-ინ ლი 24 წლის არის. 10 წლის ასაკიდან „ვალენსიას’’ აკადემიაში იზრდებოდა და ერთხანს „ღამურებში’’ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო, ახლა კი პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
