ოსმან დემბელე თუ ლამინ იამალი? აშრაფ ჰაკიმი თუ რაფინია? „ოქროს ბურთით’’ დაჯილდოების ცერემონიალზე ორგანიზატორები ინტრიგის შენარჩუნებას ბოლომდე აპირებენ. ვითარება ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც საფეხბურთო საზოგადოება ბოლო წლებში მიეჩვია: გამარჯვებულის ვინაობა კი არა, ხანდახან უკვე ქულების მიხედვით დალაგებული ნომინანტთა ოცდაათკაციანი სია ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა ცნობილი.
შოუს გადასარჩენად და გამარჯვებულ-დამარცხებულთა ბუნებრივი ემოციების შესანარჩუნებლად „ფრანს ფუტბოლმა’’ გასულ წელს მკაცრი პროტოკოლი შემოიღო. ფრანგული გამოცემის რედაქციამ გამოაცხადა, რომ ლაურეატთა ვინაობას მათი გარემოცვის წევრებს აღარ გაუმხელს, რადგან ისინი საიდუმლოს ვერ ინახავენ. მეტიც, გამოჩნდნენ უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ყველას ასწრებენ და გამოკითხვის შედეგებს პირველები ასახელებენ.
„ჩვენ ვაფრთხილებდით ვარსკვლავებთან დაახლოებულ ორ-სამ ჟურნალისტს. ისინი აკვირდებოდნენ მათ გადაადგილებებს, ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ მოდიოდა მათთან. ბარსელონაში ან მადრიდში შეუმჩნევლად ჩასვლა ხომ შეუძლებელია’’ – განმარტავს დოკუმენტურ ფილმში ალფრედო რელანო, AS-ის ყოფილი დირექტორი.
და ეს იმის მიუხედავად, რომ კვალის დასაბნევად მთელი სტრატეგია იყო შემუშავებული: ყალბი ბარგი, ცალკე ბილეთი, რამდენიმე დღით ადრე გაგზავნილი თასი… მოკლედ, ყველა ხერხი გამოიყენებოდა უცხოური პრესის შეცდომაში შესაყვანად, მაგრამ წარუმატებლად.
ამიტომ „ფრანს ფუტბოლმა’’ მეთოდები შეცვალა. გამარჯვებულს წინასწარ აღარ ურეკავენ, წინასწარ აღარ მზადდება სპეციალური გამოცემა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალის მეორე დღესვე იყიდება. ამიერიდან ყველა ინტერვიუ ჩაიწერება შოუს საღამოს ან მეორე დილას. გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ჟურნალის რედაქტორს ეცოდინება და „ფრანს ფუტბოლის’’ მფლობელის მედია-ჯგუფ „ეკიპის’’ ხელმძღვანელებსაც არ ეტყვის. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას ყველა პირდაპირ ეთერში შეიტყობს რონალდინიოს გარდა, რომელმაც გამარჯვებულს ჯილდო უნდა გადასცეს.
„მენდეთ, არავინ არაფერი იცის. ფავორიტი ფეხბურთელების კლუბებს ძალიან უნდოდათ შეეტყოთ, მაგრამ ჩვენ მათ ავუხსენით, რომ თქმა არ შეგვიძლია’’, ― თქვა „ფრანს ფუტბოლის’’ რედაქტორმა ვენსან გარსიამ.
2023 და 2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი ქალი აიტანა ბონმატი: „2023 წელს ვიცოდი, 2024 წელს – არა. ეს იყო სიურპრიზი, რამაც საღამო უფრო დაძაბული გახადა’’.
თუმცა, კაცთა ლაურეატის ვინაობამ შარშან მაინც გაჟონა. არავინ იცის როგორ, მაგრამ „რეალმა’’ შეიტყო, რომ საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი კი არა, როდრი გახდა. ამის გამო „ლოს ბლანკოსმა’’ ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
