მამარდამ წლევანდელ რბევას გაასწრო

Home აქეთურ-იქითური მამარდამ წლევანდელ რბევას გაასწრო
მამარდამ წლევანდელ რბევას გაასწრო

Julen Agirrezabala of Valencia CF during the La Liga EA Sports match between FC Barcelona and Valencia CF played at Johan Cruyff Stadium on September...კვირას იოჰან კრუიფის სახელობის პატარა სტადიონზე ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩში „ბარსელონას’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილი გუნდი „ვალენსია’’ ესტუმრა და 0:6 წააგო. ეს იყო „ჩეების’’ სრული დემორალიზების საღამო. სტუმრები მეორე ტაიმში მოედნიდან უბრალოდ გაქრნენ და შედეგად ხუთი გოლი გაუშვეს. მატჩის შემდეგ „ღამურების’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა მომხდარი ასე შეაფასა:

„გვინდოდა დაცვაში წინა შეხვედრებზე უკეთ გვეთამაშა, მაგრამ „ბარსელონამ’’ ორთაბრძოლებში დაგვჯაბნა. მასპინძლებმა პირველი გოლი მაშინ გაიტანეს, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ მჭიდროდ ვეთამაშებოდით. მეორე გოლმა ძალიან დაგვთრგუნა, მესამემ კი უბრალოდ მოგვკლა. ამის მერე ანალიზი ძნელია, რადგან ჩვენი გუნდი უკვე სრულიად დემორალიზებული იყო და ფეხბურთელებს თავში მომხდარი ეპიზოდები უტრიალებდათ. დღეს ჩვენ, პირველ რიგში კი მე, „ბარსელონასთვის’’ მეტი წინააღმდეგობის გაწევვის უნარი არ შეგვწევს. ეს ამოცანა ჩვენს ძალებს აღემატებოდა. ძლიერმა გვაჯობა’’.

ქართველი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ მამარდაშვილი „ლივერპულში’’ სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. აქა-იქ ისმის, იქნებ „ვალენსიაში’’ დარჩენა სჯობდაო. ქართველი გოლკიპერის „ღამურებიდან’’ წასვლამ ერთი კარგი ნამდვილად მოიტანა ― „ბარსელონასთან’’ ბოლო გაპარტახებას გადარჩა.

კორბერანისთვის კი „ბარსა’’ მართლა კოშმარად ჩამოყალიბდა. რაც ის „ვალენსიას’’ მწვრთნელია „ჩეები’’ სამჯერ შეხვდნენ „ბლაუგრანას’’ და ჯამში 1:18 წააგეს. გასულ სეზონში „ვალენსია’’ ლა ლიგაში 1:7, ხოლო თასზე 0:5 დამარცხდა. ამ ორი შეხვედრიდან პირველში გუნდის კარს მამარდაშვილი იცავდა, ხოლო მეორეში სტოლე დმიტრიევსკი.

კორბერანს შეცდომის აღიარების ვაჟკაცობა ეყო: „ჩემმა მიდგომამ არ გაამართლა. „ბარსელონასთან’’ ზედიზედ მესამე მარცხზე პასუხისმგებელი მე ვარ. გულშემატკივარი გაბრაზდა. მე მისი სრულიად მესმის’’, ― დასძინა ინგლისური „ვესტ ბრომვიჩის’’ ყოფილმა თავკაცმა.

მამარდაშვილის შედეგები ბარსელონას წინააღმდეგ კი ასეთია: 1:7; 1:2; 2:4 (გაძევება); 1:1; 0:1, 1:4.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.