„პარი სენ ჟერმენი’’ მოგებებს, ხოლო მისი დაშავებული ფეხბურთელების სია ზრდას განაგრძობენო, წერს „პარიზიენი’’. ოსმან დემბელესა და დეზირე დუეს რამდენიმეკვირიანი მკურნალობა უწევთ, მაგრამ ნავსიანი პერიოდი გრძელდება: „ლანსთან’’ 2:0 მოგებულ შეხვედრაში (მე-15 და 51-ე წუთებზე ბარკოლა) პარიზელებს კიდევ სამი მოთამაშის ჯანმრთელობის პრობლემა დაემატათ. პირველი გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მეტოქემ ფეხზე ქაცვების ნაკვალევი დააჩნია და 30-ე წუთისთვის მოედნის დატოვება მოუხდა. შესვენების შემდეგ ლუკას ბერალდოსა და კანგ-ინ ლის ეტკინათ კოჭები. ბრაზილიელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მასაც დიდი ხნით მოუწევს ექიმებთან გადანაცვლება, მაგრამ მოგვიანებით ითქვა, რომ ბერალდო ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან’’ ვერ ითამაშებს, თუმცა შემდეგ მალევე დაუბრუნდება თანაგუნდელებს.
„დღეს რთული მატჩი გვქონდა, რომლის განმავლობაშიც იძულებულები გავხდით რამდენიმე ფეხბურთელი შეგვეცვალა. ჯერჯერობით ჩვენი მედიკოსებისგან დაშავებული ფეხბურთელების ჯანმრთელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ გვაქვს. ტესტის პასუხებს უნდა დაველოდოთ. რასაკვირველია, მირჩევნია გუნდში კონკურენცია იყოს, კარს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაც მოგვადგა, მაგრამ ტრავმების გამო ცოტა უჩვეულო მდგომარეობაში აღვმოჩნდით. სიმშვიდეს ვინარჩუნებ და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პერიოდსაც გადავლახავთ. რაც არის, არის. ასეთია ტოპ-დონის ფეხბურთი’’, ― თქვა მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
„პარიზიენი’’ კი ამდენი ტრავმის თანხვედრას შემთხვევითობას არ აბრალებს და შეგვახსენებს, რომ მეტისმეტად ხანგრძლივი სეზონის შემდეგ პსჟ-ს ფეხბურთელებს სულ რაღაც 3 კვირა ჰქონდათ დასასვენებლად.
ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ესპანელ ნახევარმცველ ფაბიან რუისსაც, რომელიც სანაკრებო კვირეულის დღეებში პარიზში დარჩა და კლუბის ექიმთა ზედამხედველობით იმკურნალა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში სამჯერ დაშავდა დემბელე, რაც ახალი და არანაკლებ გრძელი სეზონის დასაწყისში შემაშფოთებელია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
