მას მერე რაც შერკი, ტიაგო ალმადა, ლაკაზეტი და პერი დაკარგა „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ ხმა აიმაღლა. მან განაცხადა, რომ ჟორჟ მიქაუტაძისა და კორენტენ ტოლისოს ვეღარ შეელევა. პორტუგალიელმა კარგად იცის, თუ რა მდგომარეობაა კლუბში. „ლიონისთვის’’ ფეხბურთელების გაყიდვა ფინანსური თვალსაზრისით სამკვდრო-საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტულ მხარეს ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს. ფონსეკა გუნდის აგებას 24 წლის ქართველი ვარსკვლავის გარშემო აპირებს, რისთვისაც მისი შენარჩუნებაა საჭირო. მიქაუტაძეს „ლიონთან’’ 2028 წლამდე აქვს კონტრაქტი, თან თავად არ უნდა მშობლიური ქალაქიდან წასვლა.
თუმცა, ფრანგული მედია წერს, რომ ინგლისში არ ცხრებიან. საიტი TransferFeed-ის ინფორმაციით მიქაუტაძის ყიდვით „ვულვერჰემპტონია’’ დაინტერესებული. „ვულვზმა’’ მატეუს კუნია „მანჩესტერ იუნაიტედში’’ გაუშვა და თავდასხმის გაძლიერება სჭირდება. ბრაზილიელში აღებული 75 მილიონი ევრო ახალი ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას იძლევა.
„ვულვზის’’ კიდევ ერთი მოთამაშე, ფრანგი რაიან აიტ-ნური „მანჩესტერ სიტიში’’ გადავიდა. მასში „სიტიმ’’ 31.8 მილიონი გირვანქა გადაიხადა, მაგრამ თუ ტრანსფერმა გაამართლა, კიდევ 5.2 მილიონს დაამატებს.
ერთი სიტყვით, პრემიერლიგის კლუბმა „ლიონს’’ მიქაუტაძესთან დაკავშირებით შესაძლოა ნებისმიერ წუთს მისწეროს. თუმცა, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ინგლისელები მხოლოდ ქართველს შეჰყურებენ. მათ უკვე იყიდეს ცენტრფორვარდი იორგენ სტრან ლარსენი და გარემარბები ფერ ლოპესი და ჯონ არიასი. მაგრამ პორტუგალიელ მწვრთნელ ვიტორ პერეირას ეს არ აკმაყოფილებს და კლუბის ხელმძღვანელებს „ლიონის’’ თავდამსხმელის ყიდვასაც სთხოვს.
მიქაუტაძის წასვლა „ლიონის’’ გულშემატკივართათვის მძიმე დარტყმა იქნება. ლიონელთაგან ინგლისის გზას შეიძლება 20 წლის ბელგიელი მალიკ ფოფანაც დაადგეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
