სეზონის საუკეთესონი პარიზულ გუნდში

Home აქეთურ-იქითური სეზონის საუკეთესონი პარიზულ გუნდში
სეზონის საუკეთესონი პარიზულ გუნდში

Ousmane Dembele of Paris Saint-Germain and Achraf Hakimi of Paris Saint-Germain celebrate at the end of the UEFA Champions League Semi-final Second...ისევე როგორც ყოველ ზაფხულს ზარი დაირეკა და არდადეგებზე წასვლის წინ მოსწავლეებს ნიშნები დაუწერეს, ოღონდ ამჯერად ეს შედარებით გვიან მოხდაო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ჩელსისთან’’ თამაში, რომელიც პსჟ-მ 0:3 წააგო, გუნდისთვის 2024-25 წლების სეზონში 65-ე იყო.

„პარი სენ ჟერმენმა’’ ოთხი ტიტული მოიგო. მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგა, რომელზეც კლუბი და მისი ქომაგები დიდხანს ოცნებობდნენ. ყოველი თამაშის შემდეგ „პარიზიენის’’ ჟურნალისტები ლუის ენრიკეს ფეხბურთელებს აფასებდნენ, ხაზს უსვამდნენ მათ პლუსებსა და მინუსებს, სეზონის ბოლოს კი მთელი წლის სტატისტიკა შეაჯამეს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სეზონში იანვრიდან ჩაერთო.

გაირკვა, რომ სეზონის ყველაზე მაღალრეიტინგიანი მოთამაშე არის აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც 55 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი ჩააწოდა. მაროკოელი პირველიდან ბოლო დღემდე ეფექტური იყო. მან გოლები მიჯრით გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში. „პარიზიენის’’ შეფასებათა საშუალო არითმეტიკულის თანახმად მას სეზონის ნიშანი გამოუვიდა 6.55 და გადაასწრო პორტუგალიელ თანაგუნდელებს ჟოაო ნევეშსა (6.45) და ვიტინიას (6.26).

ოსმან დემბელეს ქულა უდრის 6.18-ს, ანუ ფრანგი თავდამსხმელი სამეულში ვერ მოხვდა, მაგრამ „პარიზიენი’’ წერს, რომ ეს მის დიდებულ სეზონს ვერ აკნინებს. ის „ოქროს ბურთის’’ მთავარ კანდიდატად რჩება.

ექვს ქულაზე მეტი დააგროვეს ვილიან პაჩომ (6.13), მარკინიოსმა (6.09) და ჯანლუიჯი დონარუმამაც (6.04), ათეული კი შეკრეს ფაბიან რუისმა (5.97), დეზირე დუემ (5.88) და ნუნუ მენდეშმა (5.84).

სეზონის ჯამური შეფასების გარდა „პარიზიენმა’’ შეჯიბრებებს ცალ-ცალკეც გადახედა და ნახა, რომ ლიგა 1-ში ყველაზე მაღალე შეფასება დემბელეს გამოუვიდა (6.31). პარიზელთა ათმა ნომერმა 29 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი ჩააწოდა. დემბელემ გაასწრო ჰაკიმის (6.25) და ნევეშს (6.16). მერე მოდიან ბრედლი ბარკოლა (6.14) და ვიტინია (5.91).

რაც შეეხება მარტო ჩემპიონთა ლიგას, აქ ყველაზე კარგად პაჩოს უთამაშია (7). ეკვადორელმა გაუსწრო ჰაკიმისა (6.96) და ჟოაო ნევეშს (6.92). მერე მოდიან ჯანლუიჯი დონარუმა (6.86) და მარკინიოსი (6.85).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.