გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან’’ „ლივერპულში’’ გადავიდა და გახდა პირველი ქართველი, რომელიც მერსისაიდელთა რიგებში ითამაშებს. აქამდე პრემიერლიგაში ბურთი მხოლოდ ხუთ ქართველს უგორებია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ გიორგი თანამემამულეებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობისკენ წააქეზებს. სანიოლმა „ლივერპულის’’ საიტს ასე უთხრა:
„მამარდაშვილის „ლივერპულში’’ გადასვლა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ამბავია. აუცილებელია, ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტმა ფეხბურთელმა ითამაშოს ტოპ ლიგებსა და კლუბებში. ქვეყნის პირველი მეკარის „ლივერპულში’’ გადასვლა მხოლოდ გიორგისთვის კი არა, მთელი ქართული ფეხბურთისთვის შესანიშნავია. იმედი მაქვს, რომ ის თანამემამულეებისთვის კარგი მაგალითი იქნება. მისი შემხედვარე ისინი მიზნად მუშაობასა და მსგავსი წარმატების მიღწევას დაისახავენ’’.
სანიოლმა ფეხბურთელობის დროს „ბაიერნის’’ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფრანგი ის მწვრთნელია, რომელმაც მამარდაშვილი 2021 წელს პირველად ათამაშა ნაკრებში. იმ დღიდან მოყოლებული ქართველი მეკარე თავისი ქვეყნისთვის გამორჩეული ფიგურა გახდა, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა, ბრწყინვალედ ითამაშა. მამარდაშვილმა ოთხ შეხვედრაში 29 დარტყმა მოიგერია, მათგან 21 ჯგუფურ ეტაპზე. ეს გახლდათ ევროპის ჩემპიონატების რეკორდის გამეორება.
„ვფიქრობ გიორგი „ვალენსიაში’’… არ მინდა გამოვიყენო სიტყვა მოულოდნელად და ამიტომ ვიტყვი ძალიან სწრაფად განვითარდა. „ლივერპულში’’ გადასვლა რასაკვირველია დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ვიცი რა, რომ ის გაწონასწორებული ადამიანია, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ გამოწვევებსაც გაართმევს თავს. საერთოდ ძნელია თქმა, როგორ იმოქმედებს ადამიანზე ესა თუ ის გამოწვევა, მაგრამ იმაზე დაყრდნობით რაც აქამდე ვნახე ვფიქრობ, რომ გიორგიში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. როდესაც კარიერას საქართველოში იწყებ და უცებ ესპანურ ფეხბურთში იკიდებ ფეხს, ჩნდება რწმენა, რომ ინგლისურ ფეხბურთშიც ასევე კარგად დამკვიდრდები’’, ― განაგრძო სანიოლმა.
მამარდაშვილი არნე სლოტის ჩემპიონ გუნდს „ვალენსიაში’’ გატარებული ოთხი წლის შემდეგ შეუერთდა და როგორც „ლივერპულის’’ მოთამაშის რანგში მიცემულ პირველ ინტერვიუში თქვა, კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმა სურს. სანიოლმა მკაფიოდ განმარტა, რას შეიძლება ელოდონ წითლები თავიათი ახალი მეკარისგან.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ის ძალიან განვითარდა არა მხოლოდ როგორც მეკარე, არამედ როგორც პიროვნება. ის მნიშვნელოვანი ფიგურად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ის აშკარად ერთ-ერთი ლიდერთაგანია. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი თავის ლიდერულ თვისებებს „ლივერპულშიც’’ გამოამჟღავნებს. ის არის მეკარე, რომელიც სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრ ქულას გადაგირჩენთ. მაღალია, მაგრამ ხაზზე თამაშის დროს ძალიან სწრაფია. თუ მოგერიებებზე ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, ამ კომპონენტში დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთსოა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ისიცაა, რომ თანაგუნდელებზე დამამშვიდებლად მოქმედებს, რადგან თავადაც წყნარი ადამიანია. მისი სიმშვიდე ძალიან პოზიტიურია’’, — დასძინა სანიოლმა.
გლენ პირსი, liverpoolfc
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
