იამალი, ჯუჯები და ქერა ქალები დიდი მკერდით

Home აქეთურ-იქითური იამალი, ჯუჯები და ქერა ქალები დიდი მკერდით
იამალი, ჯუჯები და ქერა ქალები დიდი მკერდით

გასაგებად მოვყვეთ რა ამბავი ატყდა იმის გამო, რომ ლამინ იამალმა თავის მეთვრამეტე დაბადების დღეზე ჯუჯა მსახიობების ანსამბლი დაპატიჟა, ოღონდ მანამდე თავად დღეობა აღვწეროთ. იქ ხომ მარტო ჯუჯები არ იყვნენ, 200 კაცი ზეიმობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იამალს, რომლის ქონება უკვე 5 მილიონი ევროა, შეუძლია თავს ფეშენ-დღეობის გადახდის უფლება მისცეს. სტუმრებს შორის იყვნენ გავი, პედრი, ჟერარ პიკე და ლუის ჰემილტონი, რომელსაც ამ დღეს რბოლა არ ჰქონდა. ვარსკვლავბიჭუნამ დაპატიჟა პირენეის ნახევარკუნძულზე ცნობილი შოუმენები: მსახიობი ემილია, მომღერლები ბედ გიალი და ოსუნა, დი ჯეი და პროდიუსერი ბისარაპი, მომღერალ-მოცეკვავე ლოლა ინდიგო. მასპინძელმა შესასვლელში ყველას დაატოვებინა ტელეფონები, რადგან წვეულებაზე „განგსტერობანა’’ უნდა ეთამაშათ და არ უნდოდა, რომ ხელი შეშლოდათ.

როგორც აღვნიშნეთ, სტუმრების გასართობად 2024 წლის ევროპის ჩემპიონს მიწვეული ჰყავდა ჯუჯების ანსამბლიც, ოღონდ ეს ამბავი კონტრაქტის თანახმად გასაიდუმლოებული იყო. ცნობამ მაინც გამოჟონა და აქონდროპლაზიითა და ძვლოვანი სისტემის სხვა დისპლაზიებით დაავადებული ადამიანების ესპანურმა ასოცოაციამ ხმამაღალი პროტესტი გამოხატა. საქმე ის არის, რომ ხშირად ამა თუ იმ შოუში ჯუჯების გამოყენება მათი დაცინვის საბაბი ხდება ანუ მაყურებელი მათი დაცინვით ერთობა, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევა და ღირსების შელახვაა. თუ დაცინვის ფაქტი დადასტურდა, მაშინ საქმე უკვე კანონის დარღვევასთან გვაქვს, სხვა სიტყვებით ინციდენტის შეფასება მორალის ფარგლებს სცოლდება და იურიდიული გარჩევის საგანი ხდება.

ცეცხლს ნავთი მოდელმა კლუდია კალვომ დაასხა, რომელმაც Telecinco-ს არხზე თქვა, რომ წვეულებაში პრინციპულად არ მიიღო მონაწილეობა, რადგან გაიგო, რომ იამალს ზეიმისთვის „შეკვეთილი ჰყავდა’’ თორმეტი ქერა ქალი მკერდის კონკრეტული ზომით. „ამ გოგოებისთვის პირადი სარგებლობისთვის უნდა ჩაერიცხათ ორი-ორი ათასი ევრო. ჩვენ დაბადების დღეზე მისვლისთვის 10 ან 20 ათას ევროს გვპირდებოდნენ’’, ― თქვა მოდელმა, თუმცა ქერა ქალების ამბავს ვერ ამტკიცებს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სკანდალი ყვითელმა პრესამ ატეხა და ყველაფერი ჭორაობის დონეზეა ცდება, რადგან მან სამთავრობო სიმაღლეებს მიაღწია და იქ გამოიწვია რეზონანსი. ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანთა უფლებები მკაცრად არის დაცული. სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, მაგრამ მთავრობაში უნდათ, რომ იამალს 600 000-დან 1 მილიონ ევრომდე ჯარიმა დააკისრონ. შშმ პირთა მთავარი უფლებადამცველი ხესუს მარტინი კი განრისხებული აცხადებს, რომ ესპანეთში მდიდარ და გავლენიან ადამიანებს ჰგონიათ, რომ რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და ამისათვის მათ არავინ დასჯის.

და ბოლოს, რას ამბობენ თავად ჯუჯა მსახიობები? ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მათგანის პოზიციაა ცნობილი. მან თქვა: „ჩვენთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება. არ მესმის რა საჭიროა ასეთი ხმაური. ჯუჯები ნორმალური ხალხი ვართ და სრულიად ლეგალურად გვინდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე’’, ― თქვა მან.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.