უბედური, ბედნიერი ჟოაო პერდო

Home კატეგორიის გარეშე უბედური, ბედნიერი ჟოაო პერდო
უბედური, ბედნიერი ჟოაო პერდო

Joao Pedro of Chelsea FC goes up for a header with Thiago Santos and Thiago Silva of Fluminense FC during the second half of their FIFA Club World...კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალში „ჩელსიმ’’ „ფლუმინენსეს’’ 2:0 მოუგო. ორივე გოლი 23 წლის ჟოაო პედრო ჟუნკუეირა დე ჟესუსმა გაიტანა, რომელიც ფიფას ოფიციალური საიტის თქმით სულ რაღაც ათი დღის წინ კოპაკაბანას პლაჟზე ნებივრობდა და როგორც „ფლუმინენსეს’’ თავგადაკლული გულშემატკივარი ამ გუნდის ქომაგთა მიერ მოწყობილ წვეულებებზე ერთობოდა.

მოდი განვმარტოთ კონკრეტულად რა მოხდა: ჟოაო პედრო „ფლუმინენსეში’’ ცხრა წლისა მივიდა და 18 წლის ასაკამდე იქ ბურთაობდა. მერე ინგლისში, „უოტფორდში’’ გადაბარგდა, იქიდან „ბრაიტონში’’ წავიდა, მაგრამ სულ ახლახან, მაისის ბოლოს ვარჯიშზე ვიღაცასთან იჩხუბა და გუნდიდან მოკვეთეს. მოკვეთილი რიოში დაბრუნდა, სადაც პლაჟზე, დიდ ეკრანთან კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე  რენატო გაუჩოს გუნდის გულშემატკივრობას შეუდგა, მაგრამ… ბედის ირონიით თავისი საყვარელი გუნდი ამ შეჯიბრებიდან თავად გააგდო.

მართლაც უცნაური ისტორიაა. პედრო „ჩელსიმ’’ ერთი კვირის წინ, 2 ივლისს იყიდა. მასში 55 მილიონ გირვანქას პლუს შესაძლო 5 მილიონი გადაიხადა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე სარეგისტრაციო დღესვე შეიყვანა განაცხადში. ამ დროს აშშ-ში შეჯიბრება ცხადია უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო. პედრომ სწრაფად ჩაალაგა ჩემოდანი, ამერიკას გაემგზავრა და ორ დღეში უკვე მეოთხედფინალში ითამაშა „პალმეირასთან’’, „ნახევარფინალში’’ კი, როგორც უკვე ვთქვით, თავის საყვარელ გუნდს მოევლინა ჯალათად.

„შერეულ გრძნობებს განვიცდი, ― უთხრა ჟოაო პედრომ ფიფას  საიტს, ― ბოდიშს ვიხდი ამ ორი გოლისთვის, მაგრამ ეს ჩემი სამსახურია. გულნატკენი ვუყურებდი ჩემს რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელს და კლუბის თანამშრომლებს, რომელთაც ვიცნობ. ძნელი იყო მათი მოწყენილი სახეების ცქერა, რადგან ვიცი, რომ ისინი კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობდნენ. ბოდიშს ვუხდი „ფლუმინენსეს’’ გულშემატკივრებს. მათ კარგად იციან, როგორ მიყვარს ეს კლუბი. იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მისი ფეხბურთელი გავხდები’’.

ჟოაო პედროს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს.

მან დასძინა: „ჩემთვის ამ ჯილდოს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიხარია ორი გოლი რომ გავიტანე. ეს გოლები მე რომ არ გამეტანა, მათ ენცო ფერნადესი შეაგდებდა, მაგრამ დღეს ჩემი ჯერი აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის თავს დიდხანს ვამზადებდი. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი გოლის გატანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღება საოცნებო შედეგია. გულწრფელად ბედნიერი ვარ. ახლა წინ ფინალი გველის. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ფაქტია, რომ მოწინააღმდეგე დიდებული გუნდი იქნება. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ მეტოქესაც ძალიან გაუჭირდება. ჩვენ შეიარაღებაში ბევრი რამ გვაქვს. მერწმუნეთ, წინ ღირსეული ფინალი გველის’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.