გიორგი ლორია: წავედი, მადლობა!

Home კატეგორიის გარეშე გიორგი ლორია: წავედი, მადლობა!
გიორგი ლორია: წავედი, მადლობა!

დღეს, ეროვნული გუნდის 39 წლის მეკარე გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„17 წელი ცოტა არ არის. ფარერებთან, 5 ივნისს ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მაისურით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს…

მადლობა ნაკრების მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივარს ახარებს.

ქომაგის თანადგომას განსაკუთრებით ვგრძნობდი. მახსოვს, ესპანეთთან რომ ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს.

ეროვნული გუნდის მაისურის ტარება ​ჩემთვის პატივი იყო, ბავშვობის ოცნება. ნაკრებში კარიერას სუფთა გულით ვამთავრებ. მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა.

მინდა, კვარას წარმატება მივულოცო. ხვიჩა ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ“, – თქვა გიორგი ლორიამ, ვინც ხუთშაბათს ნაკრების ფორმით 79-ე მატჩს ჩაატარებს. მისი დებიუტი 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთთან მატჩისას შედგა. მაშინ ნაკრებს პიტერ სეგრტი თავკაცობდა. გიორგი ლორია საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

გიორგი ლორია - „ანორთოსისთან“ ისტორია გრძელდება #1TVSPORT - 1TV

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.