საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო და გარდა იმისა, რომ ხსენებული ტურნირის ნახევარფინალში ვადამდე ადრე გავიდა, ამასთან მსოფლიოს 2027 წლის თასის საგზურიც მოიპოვა.
„ავჭალაზე“ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრებს 40:7 სძლიეს. არადა, როცა ანგარიში 40:0 იყო, ქართველებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მეორე გარდასახეს კიდეც, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად ორივე ლელო გაუქმდა, ხოლო უკვე გაწითლებულ დროში, როცა ჩვენმა გუნდმა წითელი ბარათით გაძვებული ბექა გორგაძე და ტრავმის გამო თამაშიდან გასული ბექა საღინაძე დაკარგა და 13 კაცის ამარა დარჩა, სტუმრებმა ბოლო შეტევით პრესტიჟის ლელო დაგვიდეს , რისი შანსი მთელი 80 წუთის განმავლობაში ქარაგმულადაც არ ჰქონიათ.
პირველ ტაიმში რიჩარდ ქოქრილის ბიჭებმა სამი ლელო დადეს. ჯერ იყო და, ვასილ ლობჟანიძემ გაიბრწყინა და ლამაზი მოძრაობებით რამდნიმე მეტოქე დაიბრიყვა, რასაც თორნიკე კახოიძეზე ჩინებული პასიც მიაყოლა. ლუკა მატკავამ გარდასახა და საქართველო 7:0 დააწინაურა. თორნიკესთვის კი ეს იყო მეორე ლელო საქართველოს ნაკრების კვართით გამართულ მ-10 მატჩში.
წუთი თუ იყო გასული, როცა დავით ნინიაშვილმა სტუმრებს ბურთი საკუთარ 22-ში მოპარა და დრიბლინგით 50-60 მეტრი ირბინა, რის შემდეგაც აყოლილ ლობჟანიძეს ბრწყინვალედ უპასა, ვასკამ კი თავისი 91-ე სანაკრებო მატჩი მე-17 ლელოთი გაალამაზა. მატკავამ გარდასახა – 14:0.
ტაიმის ბოლოსკენ კი თავი ქართული რაგბის მთავარმა მელელოვე აკა ტაბუცაძემაც ისახელა – თავის ფლანგზე ყველას გაუსწრო და 44-ე სანაკრებო ლელო მიითვალა. ტრავმის გამო მატკავა უკვე გასული იყო მინდვრიდან და ნინიაშვილმა კიდიდან გარდასახვა ააცილა, ტაიმი კი 19:0 მორჩა.
ქართველებმა მეორე ტაიმი შედარებით მძიმედ დაიწყეს, შეცდომებსაც მოუხშირეს, რასაც 50-ეზე ბექა გორგაძის წითელი ბარათით გაძევება მოჰყვა, თუმცა 56-ე წუთზე გიორგი მამაიაშვილმა გუნდის ხანგრძლივი იერიში ძალისმიერი ლელოთი დააგვირგვინა, რომელიც მისთვის პირველი იყო მე-8 სანაკრებო შეხვედრაში. ნინიაშვილის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 26:0 გახდა.
64-ეზე კაპიტანმა საღინაძემ მრავალსვლიანი ხელდახელ შეტევა ლელოში შერბენით დაასრულა, ნინიმ კვლავ უნაკლოდ გარდასახა – 33:0. ეს იყო საღინაზისთვის მე-4 ლელო 45-ე სანაკრებო მატჩში.
69-ეზე მოლით შეტევა ჩვეულ ძალისმიერ სტილში გიორგი ჯავახიამ შედეგიანად დაასრულა, კიდევ ერთხელ დაალელოვა ნიდერლანდელები, საკუთარ ანგარიშზე მე-19 მატჩში მე-3 ლელო ჩაიწერა, „ნინიმ“ გარდასახა, ტაბლოზე 40:0 აანთო, პირადი სტატისტიკა კი 37 კეპსა და 88 ქულამდე გაზარდა. მოვლენებს ოდნავ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ნინიაშვილი დასახელდა.
ეს უკვე განადგურებას ჰგავდა, თუმცა ბექა საღინაძემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა, არადა ყველა შეცვლა უკვე გამოყნებული გვქონდა, ჰოდა, ნიდერლანდელებმაც ამით ისარგებლეს და თამაშის ბოლო შეტევა ლელო-გარდასახვით დაასრულეს.
სამწუხაროა, რომ მატკავამ და საღინაძემ ტრავმები მიიღეს, ხოლო გორგაძეს წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია ელის. ეს ნეგატივი, თორემ ყველა დანარჩენ კონტექსტში მატჩი წარმატებული იყო. კიდევ აღსანიშნავია ბაჩუკი ჭუმბაძის დებიუტიც, ვინც მეორე ტაიმში ირაკლი აფციაური შეცვალა.
საქართველო უკვე ნახვარფინალშია, თუმცა მანამდე, 16 თებერვალს ჯგუფის დასკვნითი მატჩია – გასვლაზე ესპანეთის ნაკრებთან.