ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო.

ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა  „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე წუთზე ბექა შვანგირაძე მასპინძელთა გუნდს პირველად და საბოლოოდ დააწინაურებდა. 5-მეტრიან ხაზთან მოგებულ დერეფანს კატალონიური დაცვის საკმაოდ ხანგრძლივი ჩეჩქვა მოჰყვა, რაშიც განსაკუთრებით ამ საქმის დიდოსტატი ქართველები გამოირჩეოდნენ. ბექა საღინაძემ რამდენიმეჯერ მძლავრად შეუტია, საქმე კი მისმა 22 წლის სეხნიამ დაასრულა, რომელმაც ზედახორაში ბურთის ხაზს იქით გადადება მოახერხა.

ეს იყო ბექა შვანგირაძის პირველი ლელო მიმდინარე სეზონის მე-9 მატჩში, აქვე შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ტოპ 14-ში სადებიუტო სეზონს ატარებს. ორი ბექას გარდა „ლიონში“ კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა – გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ნინიაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ამასობაში, მე-14 ტურის შემდეგ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს, რადგან მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ ლა როშელში 19:22 წააგო და ოდენ სანუგეშო ბონუსს დასჯერდა, ხოლო მისმა მდევარმა „ბორდომ“ ასევე გასვლით მატჩში მიიღო ბონუსი, ოღონდაც დიდი გამარჯვებისთვის – „ღვინისფერებმა“ პარიზში „სტად ფრანსე“ 46:19 გაანადგურეს, 50 ქულა დააგროვეს და ცხრილის სათავეში მოექცნენ.

„კლერმონმა“ გიორგი ახალაძის ნახევარსაათიანი დახმარებით გასვლაზე აუტსაიდერ „ვანს“ მინიმალურად, 20:19 აჯობა და მე-6 საფეხურზე ავიდა, რომელიც პერსპექტივაში საჩემპიონო პლეი-ოფისაა.

ქართველთაგან ტურში მონაწილეობა ასევე მიიღო გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის ბურჯთა წყვილმა, ვისმა „რასინგ-92“-მაც ტულონში ღირებული ვერაფერი ქნა –  24:36; ლევან ჩილაჩავამ, ვისმა „კასტრმაც“ სტუმარ „პოს“ ნუგეშ-ქულა გაატანა (24:19), ბასკთა რიგებში კი ბექა გორგაძემ (შეუცვლელად) და გურამ პაპიძემ ითამაშეს;  და ლუკა ჯაფარიძემ, რომლის „მონპელიემ“ „შავი ლომის“ მომავალი მეტოქე „ბაიონი“ უმოწყალოდ გააკრა ბეჭებზე – 42:10.