საქართველოს ბორჯღალოსნები 2025 წლის 19 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდებიან.
ეს იქნება საქართველოს და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მესამე შეხვედრა. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 2003 წელს, ქართველებისთვის პირველ მსოფლიო თასზე გადაეყარნენ. ჩვენმა ნაკრებმა არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფ „ქურციკებს“ გარკვეული წინაააღმდეგობა კი გაუწია, თუმცა, 16:49 წააგო და თავი იმით ინუგეშა, რომ სწორედ ამ ბობოლა ნაკრებთან გაიტანა თავისი პირველი ლელო მსოფლიო თასებზე. მაშინ თავი კვაჭმა დავით დადუნაშვილმა გამოიჩინა.
მეორე შეხვედრამდე ძალიან დიდი დრო გავიდა. სარაგბო კავშირებს შორის თანდათან ჩამოყალიბდა ახლო ურთიერთობა და შედეგად, 2021 წელს საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას ესტუმრა.
მოგეხსენებათ, ეს კოვიდ-პანდემიის პერიოდი იყო და მიჯრით დანიშნული ორი ტესტ-მატჩიდან შედგა მხოლოდ ერთი. პრეტორიაში „ქურციკებმა“ 40:9 მოიგეს, შემდეგ კი ორივე გუნდის ბანაკში კოვიდი ისე გამძვინვარდა, რომ ჯანმრთელი შემადგენლობების დაყენება შეუძლებელი გახდა. ალბათ ყველას ახსოვს, რა მძიმედ დაავადდა ბორჯღალოსნების მაშინდელი თავკაცი ლევან მაისაშვილი…
სხვათა შორის, 2019 წლის მიწურულს სამხრეთ აფრიკა მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით ახალ ზელანდიას დაეწია… და სამგზის ჩემპიონის რანგში აფრიკელებმა პირველი ტესტი სწორედ ქართველების წინააღმდეგ გამართეს.
დღეს სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს უკვე 4-გზის ჩემპიონია – მას ბადალი არც 2023-ში გამოუჩნდა, ამდენად, 29 ივლისს საქართველოს ნაკრებს ტესტ-მატჩი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან სარაგბო ნაკრებთან ელის, რაც ბორჯღალოსნებისთვის თავისთავად დიდი პატივია.