საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-10 ტური იმის მიუხედავად გაიმართა, რომ ლიგის კლუბებს საუკეთესო მორაგბეები აკლდათ – პარალელურად ხომ შემოდგომის ტესტები იმართებოდა. თანამედროვე რაგბის ინტენსივობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ხშირად კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს კომპრომისზე წასვლა უწევთ.
მე-10 ტურში მონაწილეობა 8 ჩვენებურმა მიიღო. ერთპიროვნულ ლიდერობა კი ქვეყნისა და სრულიად ევროპის მოქმედ მა ჩემპიონმა „ტულუზმა“ შეინარჩუნა. ტულუზელებმა „პერპინიანს“ უმასპინძლეს და უპრობლემოდაც გაუსწორდნენ – 41:3. კატალონიელთა სასტარტოში ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელმაც 53-ე წუთამდე ითამაშა.
„ლა როშელმა“ კასტრში ბონუსით წააგო – 24:28 და მესამე საფეხურზე კი დარჩა, თუმცა 35-ქულიან ლიდერს მთელი 7 ქულით ჩამორჩა. ალექსანდრე ქუნთელია ლაროშელელთა შორის 50-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მალევე, 52-ეზე წითელი ბარათი მიიღო.
ზოგადად, გასული ტური ქართველთათვის ნაკლებად წარმატებული იყო, ჩვენმა ბიჭებმა თავი მხოლოდ უდისციპლინობით „ისახელეს“. სანდრო ქუნთელიასავით არა, მაგრამ სინბინში 10 წუთის გატარება ლიონელ ბექა შვანგირაძეს და პოელ გურამ პაპიძესაც მოუწია.
ბექა სასტარტოში იყო და ყვითელი ბარათი მე-9 წუთზე მიიღო, მისმა გუნდმა კი საშინაო მატჩში „კლერმონთან“ 22:30 წააგო, ხოლო პაპიძემ მსაჯს ყვითელი ბარათი სულაც მე-4 წუთზე დასტყუა, „პომ“ კი მონპელიეში დიდი ანგარიშით – 3:30 წააგო და 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზე ჩამოგორდა.
დაბოლოს, ხსენებული „პოს“ სასტარტო შემადგენლობაში პაპიძის მხარდამხარ ლექსო ყაულაშვილიც გამოჩნდა, ვისთვისაც ეს იყო სადებიუტო მატჩი ბასკურ კლუბში, თუმცა ლექსოსთვის ეს იყო 157-ე მატჩი ტოპ 14-ის ეგიდით და ამ მაჩვენებლით მოქმედ მორაგბეთა შორის ყაულაშვილი ვეტერან ბორჯღალოსან ლევან ჩილაჩავას ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 185 თამაშია ევროპის უძლიერეს ლიგაში.