Mike Maignan goalkeeper of AC Milan try to save the shot of the goal of Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A match between AC Milan...იტალიურ პრესაში არ წყდება ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე. „გაძეტა დელო სპორტი’’ კვლავ „ნაპოლის’’ დირექტორის ჯოვანი მანასა და ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის შეხვედრაზე წერს. გაზეთი იმეორებს, რომ მანამ გარემარბის წარმომადგენელს ბონუსებიანად წელიწადში 6 მილიონი ევრო შესთავაზა და დასძინა, რომ გასამრჯელო (საბაზისო ხელფასი პრემიების გარეშე ანუ 5 მილიონი ევრო) სეზონიდან სეზონამდე 8 მილიონამდე გაიზრდება. გავლენიანმა მილანურმა გამოცემამ ისიც გაიმეორა, რომ პრობლემა ხელფასზე კი არა, გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმებაა. ჯუღელი ხელშეკრულების ამ პუნქტში 80 მილიონის ჩაწერას ითხოვს (გაყიდვის შემთხვევაში იქიდან წილის მიღებით), „ნაპოლის’’ კი ეს რიცხვი ეცოტავება. ნეაპოლელებმა იციან, რომ კვარაცხელიას შეძენა „პარი სენ ჟერმენს’’ სურს, რომელიც 80 მილიონს იოლად გადაიხდის. ალბათ, ეჭვობენ კიდეც, რომ ასეთი მცირე თანხის ჩაწერით გარემარბი ნეაპოლიდან გასაქცევად ემზადება. მათ უნდათ, რომ გამოსასყიდად დაწესდეს დიდი თანხა, რომელსაც ქართველის მყიდველები ან ვერ გადაიხდიან ან თუ გადაიხდიან, მაშინ მათ ბევრი ფული დარჩებათ.

დღევანდელი იტალიური მედია გუშინდელთან შედარებით ერთ ახალ დეტალსაც უსვამს ხაზს. ის წერს, რომ როგორც გაირკვა „ნაპოლის’’ მწვრთნელს ანტონიო კონტეს კვარაცხელია იმდენად მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიაჩნია, რომ მასთან არც შემდეგ სეზონში სურს განშორება და კლუბისთვის მისი შენარჩუნების მოთხოვნა კატეგორიულად წაუყენებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ კლუბი მწვრთნელის სურვილის შესრულებაზე ზრუნავს და ამიტომაც ცდილობს დამატებით შექმნას ისეთი პირობები, როდესაც ქართველი ვარსკვლავი ვერსად გაიქცევა.