Napoli's Khvicha Kvaratskhelia scores their first goal on a penalty during the Serie A soccer match between Empoli FC and SSC Napoli at Stadio Carlo...არის ასეთი ნეაპოლური გამოთქმა, ვინც გამბედავი არ არის, ვერასდროს გაიგებს ქალები რა მშვენიერები არიანო. ამას მაშინ ამბობენ, როდესაც უნდათ ხაზი გაუსვან, რომ წარმატებისთვის მხნეობაა საჭირო. calcionapoli1926-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომლის მთავარი იდეა ის არის, რომ „ნაპოლიმ’’ „ემპოლისთან’’ სწორედ გამბედაობის წყალობით მოიგო, კონტეს და კვარას გამბედაობის წყალობით. მწვრთნელმა განახორციელა ცვლილება, რომელსაც არავინ ელოდა, ქართველი კი ბოლო კვირების განმავლობაში კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმის მიუხედავად ცივად მივიდა პენალტის ნიშნულთან და გამარჯვების გოლი გაიტანა.

პორტალი წერს, რომ ზემოთ მოყვანილი ნეაპოლური გამოთქმა შესაძლოა ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ახლანდელ „ნაპოლის’’ ერგება. ამ გუნდს მხნეობას ვერ წაართმევ. ის ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, calcionapoli1926-ის აზრით პირველი, ვინც თამამი ნაბიჯი გადადგა კონტე იყო, რომელმაც 0:0-ზე თავისი პროტეჟე ლუკაკუ მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად სიმეონე შეუშვა. ამ გაბედულმა ცვლილებამ მყისიერად მოიტანა შედეგი: არგენტინელის ჟინს აყოლილმა სტუმრებმა მალევე მოიპოვეს პენალტი. ამის მერე კი წინა პლანზე კიდევ ერთი გამბედავი ბიჭი გამოვიდა: ხვიჩა კვარაცხელია.

ჭორები მისი კონტრაქტის განახლების შესახებ კარგა ხანია ტრიალებს, ბოლო კვირაში კი ინტენსობამ იმატა. მეტიც, calcionapoli1926-ის რედაქციის აზრით გამოიგონეს „საპნის ოპერა’’ რომლის მთავარი სიუჟეტური ხაზი ის, რომ კვარაცხელია „ნაპოლის” ძირითად შემადგენლობაში შეიძლება ნერეშმა ჩაანაცვლოს. ბიჭი კი ამ დესტაბილიზაციის გამომწვევ ჭორებს არ აჰყვა და პენალტის ნიშნულიდან აჩვენა რისი მაქნისიც არის. იმ მომენტში ბურთს ლოდის წონა ჰქონდა, მაგრამ კვარა ყინულივით ცივი იყო. მან ვასკესი მოძრაობაზე გამოიჭირა.

ეს გახლდათ გადამწყვეტი გოლი იმ დღეს, როდესაც ტურინიდან და მილანიდან კვლავ დაუბერა ჩრდილოეთის ქარმა. ამ გოლმა იმ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, რომელშიც „აძურიმ’’ გვარიანად იწვალა.

კონტეს ბიჭებისთვის განსაკუთრებით რთული პირველი ტაიმი გამოდგა, მაგრამ მათ უკვე მერამდენედ დაამტკიცეს ორი რამ: იციან, როგორ გაუძლონ გაჭირვებას და ძლიერი დაცვა ჰყავთ. და კიდევ: ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი ბონჯორნოს გადაბირება იყო. მან სამართლიანად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო.

calcionapoli1926 ასევე საგანგებოდ აღნიშნავს მეკარე კაპრილეს დამსახურებასაც, რომელმაც ამ დღეს ყველა დარტყმა მოიგერია და გუნდი რთული სიტუაციიდან გამოიყვანა.